მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გენერაციის ობიექტების აშენებისთვის მნიშვნელოვანია PPA მექანიზმის აღდგენა“ - რას ითხოვს ბიზნესი

61a10bd8285b3
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.21 12:40
2780
„განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემები“ - ასე ჰქვია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატურ მოკვლევას, რომლის ზეპირი მოსმენა დავით სონღულაშვილის კომიტეტზე 26 ნოემბერს გაიმართა და სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში, ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები და ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლები დარგში არსებულ გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე მსჯელობდნენ. დისკუსიის განმავლობაში საუბარი შეეხო ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების ე.წ. PPA მექანიზმის მნიშვნელობასაც, რომელზეც 2017 წელს IMF-ის რეკომენდაცით, საქართველოს მთავრობამ მორატორიუმი გამოაცხადა.

PPA მექანიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის" ფინანსურმა დირექტორმა ნუკა მშვიდობაძემაც და აღნიშნა, რომ ახალი, განახლებადი ენერგიის ობიექტების აშენებისთვის საჭიროა, PPA მექანიზმის აღდგენა. აღსანიშნია ისიც, რომ კერძო სექტორს გარკვეული კითხვები აქვს ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური რისკების დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და ამ მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხოვენ.

"იქნებ შეგვახვედროთ ფინანსთა სამინისტროს და განვიხილოთ, რის საფუძველზე გაუქმდა PPA მექანიზმი. კარგი იქნება, სამუშაო შეხვედრის დაორგანიზება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ არაა გათვალისწინებული ბენეფიტები, რომელიც მოაქვს ამ პროექტებს. მაგალითად, ქონების გადასახადი; ასევე არაა დათვლილი ალტერნატიული სცენარი, სადაც იმპორტის ფასი იზრდება და ა.შ.“, - თქვა ნუკა მშვიდობაძემ კომიტეტის სხდომაზე.

თავის მხრივ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი ნუკა მშვიდობაძეს შეჰპირდა, რომ შეეცდება შეხვედრისთვის საჭირო ფორმატი დააორგანიზოს.

ამასთან, გენერაციის ახალი ობიექტების აშენების აუცილებლობაზე საუბრისას, საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა რიცხვებიც მოიშველია. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანამ 2030 წლისთვის არსებული ელექტროენერგიის დეფიციტი შეივსოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში 3 000 მეგავატის სიმძლავრის სადგურები უნდა აშენდეს, რაც მასშტაბით, მინიმუმ 3 „ენგურჰესის“ აშენებას გულისხმობს, მაგრამ არსებული ტემპებით ამ სიმძლავრის სადგურების აშენება ქვეყანაში შეუძლებელია.

„ფინანსთა სამინისტროს ალბათ რიცხვებიც უნდა გავაგებინოთ, თუ ელექტროენერგიის მოხმარება ნორმალურად - 4.5%-ით გაიზრდება, მომავალი 10 წლის განმავლობაში 3 000 მეგავატი სიმძლავრის გენერაციის ობიექტები უნდა აშენდეს. 3 000 მეგავატი უნდა დადგეს, რომ 2030 წელს არსებული ელექტროენერგიის დეფიციტი შეავსოს. როგორ წარმოუდგენიათ ეს არ ვიცი, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში 700 მეგავატის ჰესები აშენდა, შესაბამისად მომავალში 5-ჯერ მეტი უნდა დაიდგას ანუ 10 წელში, მასშტაბის თვალსაზრისით, რომ წარმოვიდგინოთ მინიმუმ 3 „ენგურჰესი“ უნდა აშენდეს. ბოლო 10 წელიწადში მოხმარებას რომ დავწეულიყავით, 2-ჯერ მეტი უნდა აშენებულიყო, ვიდრე 700 მეგავატის სიმძლავრის ჰესები“, - განაცხადა ნუკა მშვიდობაძემ და დასძინა, რომ ენერგომატარებლებისთვის ქვეყნიდან გასული თანხები ამ საჭიროების შეუსრულებლობისას გაოთხმაგდება.

„ამასთან, 2030 წლისთვის თუ არაფერი აშენდება, 2020 წელს თუ 150 მლნ დოლარი იმპორტის და სოციალური გაზის თანხა გავიდა ქვეყნიდან, 2030 წელს - 600 მლნ დოლარი გავა. თავისივე რიცხვებით, რომ ვესაუბროთ ფინანსთა სამინისტროს ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ და ძალიან მინდა უწყების წარმომადგენლებთან საუბარი, თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა“, - თქვა საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის ფინანსური დირექტორმა.

რა არის PPA მექანიზმი და როდის გაუქმდა ის?

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმით სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრული დროის შუალედში და გარკვეულ ფასად, გარკვეული მოცულობის ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულებას იღებს. კომპანია კი თავის მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა 2017 წელს IMF-ის რეკომენდაციის შედეგად, საქართველოს მთავრობამ PPA-ზე მორატორიუმი გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად კი, გარანტირებული შესყიდვების კუთხით, ფისკალური რისკების გათვალისწინების პირობით, გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ ორ პროექტზე - კორომხეთი ჰესსა და ნამახვანის ჰესების კასკადზე.