მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველოს მთავრობა ციფრულ აბრეშუმის დერეფანთან იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პროექტზე დაუშვა

5f3d18c677bc3
შოთა ტყეშელაშვილი
19.08.20 16:17
2751
ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს მხირდან ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტის განვითარებისთვის ხელის შეშლის შესახებ წერს. საკუთარ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტით ჰოჯესი აღნიშნავს, რომ ამ პროექტთან მიმართებით საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება მისი აზრით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან მიმართებით მთავრობის დამოკიდებულებას ჰგავს.

ამასთან, ყოფილი გენერალი საკუთარ Twitter-ზე აზიარებს Forbes Georgia-ს ინტერვიუს დიპლომატ კურტ ვოლკერთან, რომელიც აღნიშნავს, რომ კომუნიკაციების კანონში შესული ცვლილებები საქართველოს ბიზნესკლიმატზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამასთან, ვოლკერი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ კანონის მიღება კონკრეტული კომპანიის - “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ მოხდა, “კავკასუსის” ახალი მეწილე NEQSOL ჰოლდინგი კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ციფრული დერეფანის განვითარებაზე მუშაობს.

გენერალი ბენ ჰოჯესი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია, რომ კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელმა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება.

“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ახალ ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს იმავე შეცდომებს, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იყო დაშვებული. მოვუწოდებ საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას პრიორიტეტად აქციოს ის, რაც საქართველოსთვის არის უკეთესი და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან,”- წერს გენერალი ბენ ჰოჯესი.

სადავო ტრანზაქცია და დაჩქარებული წესით მიღებული კანონი

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.

თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.

საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.

NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვას არ გამორიცხავს.