16.ივნისი .2021 19:46

გენერალური აუდიტორი: საპენსიო სესხების განაკვეთი არის მაღალი

გენერალური აუდიტორი: საპენსიო სესხების განაკვეთი არის მაღალი
views 617
უკან

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საქართველოს აუდიტის სამსახურის უფროსმა ირაკლი მექვაბიშვილმა დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მისი, როგორც მოქალაქის აზრით, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი.

მექვაბიშვილის თქმით, თუკი დოკუმენტი საბანკო კომერციულ საიდუმლოებებს არ შეიცავს, აუდიტის სამსახურს შეუძლია შეისწავლოს თუ რა პირობები არის დადებული სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის, თუმცა ამასთანავე, მექვაბიშვილი აზუსტებს, რომ უშუალოდ "ლიბერთი ბანკის" მიერ სესხების გაცემის პროცესს აუდიტის სამსახური ვერ შეისწავლის, რადგანაც აუდიტის სამსახური საბანკო სექტორს არ არეგულირებს.

დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხვაში ნათქვამი იყო, რომ ამ სესხების საპროცენტო განაკვეთი არის 36%, თუმცა თავად “ლიბერთი ბანკის” ინფორმაციით, ხანდაზმულთა სესხების განაკვეთი უფრო დაბალია  და 30.65%-ს შეადგენს, მაგრამ გენერალური აუდიტორის პასუხი სწორედ დეპუტატის მიერ დასახელებულ 36%-ს ეხება.

“რაც შეეხება "ლიბერთი ბანკის" თემას და 36%-ს, ეს ხელშეკრულება ჩვენ არ შეგვისწავლია. არანაირი პრობლემა არ არის, რომ შევისწავლოთ. როგორც მე მესმის და 25-წლიანი გამოცდილება მაქვს საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის, ამ ყველაფრის კოორდინატორი და ზედამხედველი არის ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ასე მესმის მე.

რაც შეეხება კონკრეტულ ხელშეკრულებებს, ჩვენ შეგვიძლია იურიდიულად ვნახოთ თუ არის აქ რაიმე საიდუმლო. არის კერძო სექტორის წარმომადგენელი კომერციული ბანკი, რომლის ოპერაციებზეც ჩვენ წვდომა არ გვაქვს და აქ ეს რეგულირდება ეროვნული ბანკის პოლიტიკით და პროცედურებით. მეორე ნაწილი, რაც ჯანდაცვას ეხება, ბუნებრივია, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვნახოთ, თუკი იქ არ არის კომერციულ საიდუმლოებაზე საუბარი და ეს ხელშეკრულება არ არის კომერციული საბანკო საიდუმლოების შემცველი.

რაც შეეხება 36%-ს, მე შემიძლია გითხრათ ჩემი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია, რომ ეს არის მაღალი პროცენტი. საპენსიო ტიპის სესხები არის სამომხმარებლო ტიპის, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს წინასწარ აძლევენ სესხს პენსიის უზრუნველყოფის ქვეშ. 36%-ზე თუ მეკითხებით, რომ არის მაღალი განაკვეთი, გპასუხობთ, რომ ეს არის მაღალი განაკვეთი.

საბანკო სისტემაში განაკვეთებს არეგულირებს ბაზარი. გარედან დამკვირვებელმა, რომელსაც არ მაქვს ნანახი არც ხელშეკრულება და შინაარსობრივადაც არ ვიცნობ სფეროს, გეუბნებით, რომ 36% სამომხმარებლო ტიპის სესხზე არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი", - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა დეპუტატ გიორგი ვაშაძის კითხაზე პასუხისას.

ამავე პოზიციას იზიარებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც აპრილში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ მისი შეფასებით საპენსიო სესხების განაკვეთი მაღალია.

შეგახსენებთ: აპრილში პალრამენტში საპენსიო სესხების განაკვეთთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ესწრებოდნენ. გამართულ სხდომაზე “ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განმარტა თუ რატომ აქვს ბანკს საპენსიო კატეგორიის სესხებზე 30.65%-იანი განაკვეთი დაწესებული. მისი თქმით, საბანკო სისტემაში არაუზრუნველყოფილი 1000-2000 ლარამდე მოცულობის სესხების განაკვეთია 24-25%, ხოლო საპენსიო სესხების შემთხვევაში ამას ემატება დაზღვევის კომპონენტიც, რაც მსესხებლის გარდაცვალების ალბათობას მოიცავს, რაც განაკვეთს დამატებით 5.5 პ.პ-ით აძვირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა