მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უსამსახუროდ დარჩენილებს სესხები მასობრივად არ გადაუვადდებათ" - რაზე ესაუბრება მთავრობა ბანკებს?

5fc356968c6ed
თათია კაკიაშვილი
29.11.20 13:18
4602

„იმ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ მეორე „ლოქდაუნის“ გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება სესხების გადავადება“, - ამის შესახებ BMG-სთან საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალეკო ძნელაძემ განაცხადა. ამით ძნელაძე მთავრობის მიერ დაანონსებულ შეღავათების საკითხს გამოეხმაურა. კერძოდ,
ხელისუფლებაში განიმარტა, რომ მიმდინარეობს ბანკებთან მოლაპარაკებები და მათთვის, ვინც მეორე ე.წ. „ლოქდაუნის“ დროს, შეზღუდვების გამო უსამსახუროდ დარჩა, მთავრობის მხრიდან საბანკო სექტორთან შუამდგომლობა იგეგმება.


ძნელაძის განცხადებით, საბანკო სექტორი რესტრუქტურიზაციისთვის მზადაა და ახლა მსესხებლების ერთიან სიას ელის.

„რესტრუქტურიზაციის პროცესი რეალურად ივნისიდან დაიწყო, უბრალოდ ახლა დამატებით გამოჩნდება ის კომპანიები, რომლებსაც კონკრეტულ მოკლევადიან პერიოდში აღნიშნული შეზღუდვები შეეხოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირები და ბიზნესები დროულად დარეგისტრირდნენ იმ სახელმწიფო სიებში, რომლებიც სოციალურ პაკეტებს ითვალისწინებს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სესხებზე არ მიმდინარეობს რესტრუქტურიზაცია, მაგრამ აღნიშნულ მსესხებლებთან მიმართებაში, ვინც უშუალოდ ამ ლოქდაუნის გამო ან დაკარგა სამსახური, ან ბიზნესი გააჩერა, მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი არ იქნება გადავადება, ეს არის რეალურად რესტრუქტურიზაცია“, - განაცხადა ალეკო ძნელაძემ.

მისივე თქმით, პროცესში ჩართულობისთვის, მსესხებელმა ინდივიდუალურად უნდა მიმართოს ბანკს რესტრუქტურიზაციის შესახებ და აუცილებელია, მთავრობის სიაში უკვე დარეგისტრირებული იყოს. 

„ჯერ მთავრობის სიებში რეგისტრაცია დასრულებული არ არის, მაგრამ მსესხებლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ამ სიაში უკვე იქნებიან დარეგისტრირებული, მათთვის უფრო მარტივი იქნება რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით პროცედურის გავლა. აღნიშნული სიების ფორმირება 24 დეკემბრამდე დასრულდება, სიების ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ასეთი მსესხებლების შესახებ ცნობილი არ გახდეს ზუსტად 24 დეკემბერს და მიმდინარე რეგისტრაციის დროს დროულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა და ვინც დარეგისტრირდება, მათთვის არათუ წლის ბოლოს მოხდეს რესტრუქტურიზაცია, არამედ - თანმიმდევრულად“, - განაცხადა ძნელაძემ.


შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებული ადამიანებს, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით დაკარგავენ სამსახურს და ექნებათ საბანკო ვალდებულებები, სახელმწიფო ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებს. ამასთან ისინი მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადად 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.