18.მარტი .2021 18:30

გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებს არასწორ სამშენებლო დაგეგმარებას უკავშირებენ

გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებს არასწორ სამშენებლო დაგეგმარებას უკავშირებენ
views 3009
უკან

თბილისში მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რომლის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალამ სოციალური ქსელი მოიცვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა თბილისის მერიაში, სადაც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება წლების განმავლობაში ამ მონაკვეთზე წარმოებული პროექტების შედეგია, რასაც თან ბუნებრივი ფაქტორებიც დაერთო.





მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გეოლოგებმა და სეისმოლოგებმა ტერიტორიის პირველადი დათვალიერების შემდეგ გამართეს და მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ მონაკეთზე არსებული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების შესახებ ისაუბრეს.

როგორც პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, პირველადი შეფასებით, ნაპრალის სიღრმე 10 მეტრია. მისივე თქმით, აღნიშნულ მთის ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ ყველასთვის ცნობილი ფაქტია.

„ადგილზე დავათვალიერეთ მდგომარეობა. პირველადი შეფასება გულისხმობს, რომ ჩვენ მხოლოდ ხილული პრობლემა შევაფასეთ, რაც მეწყრული ტანის სიღრმეში სხვა პროცესები განვითარებას არ გამორიცხავს. ვთვლით, რომ ეს მეწყერი მოითხოვს დამატებით კვლევებს. ვიზუალური დაკვირვებით გავზომეთ, რომ მოწყვეტის სიღრმე 10 მეტრი და ნახევარი მილიონი კუბია, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორების შემთხვევაში შეიძლება მოწყდეს და ეს მასა წამოვიდეს ქვევით. მაგრამ შესაძლებელია მეწყრული ტანი არ იყოს ის, რაც ჩანს და შეიძლება ლისის ანტიკლინის კომპლექსური გეოლოგიური სტრუქტურიდან გამომდინარე უფრო დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდეს. ეს გეოლოგიურად კომპლექსური სტრუქტურაა, რომელიც ხასიათდება ტექტონიკური აქტივობით, რაც იწვევს სეისმურ აქტივობასაც.

ჩვენ მოვნიშნეთ ის ადგილები, რომლებიც შემდგომში დაუყოვნებლივ კვლევას და შეფასებას საჭიროებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსახლეობისთვის შესაძლო საფრთხე და შევწყვიტოთ უხეში ჩარევა გარემოში. ეს პროცესები პროვოცირებულია არასწორად დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელიც არასწორად იყო დაგეგმილი, არასწორად იყო გეოლოგიური გათვლები გაკეთებული. ყველამ იცოდა, რომ ეს ფერდი წარმოადგენს მეწყერ-საშიშ ადგილს და ეს არ იყო საიდუმლო.

2015 წელს, როდესაც მერი იყო დავით ნარმანია, თბილისში მომხდარი პროცესების დროს, მათ შორის მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესები განვითარდა“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ და განმარტა, რომ დანაპრალება დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში მისი სიჩქარე მნიშვნელოვნად გაზრდილია.





დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგის გიორგი ვოიშენკოს თქმით,  ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბლოკურ მეწყერთან. გეოლოგი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ამ ადგილის არა გამაგრება, არამედ მოხსნა და დამუშავება.

„ძირითადი მიზეზი, რატომაც გააქტიურდა ეს მეწყერი, ჩვენი აზრით, არის სამშენებლო აქტიურობა, რის გამოც საყრდენ ფერდობის ძირითად ქანებს გამოეცალათ ძირი 10-15 მეტრის სიღრმეზე, რამაც გააქტიურა მეწყრული სხეული.

მეწყრული სხეულის რღვევა ემთხვევა მეორეხარისხოვან ტექტონიკურ რღვევას, რომელიც რეგიონში საკმაოდ ბევრია და მაგ რღვევაზე ჩამოყალიბდა ტექტონიკური ნაპრალი. ხილული რღვევის სამხრეთით კიდევ გვაქვს ტექტონიკური რღვევა. ეს ერთი მეწყერი შეიძლება იყოს მიზეზი მეორე მეწყერის ჩამოყალიბების, თუ არ მოხდება გარკვეული დამცავი სამუშაოების ჩატარება. მე არ ვარ ინჟინერი, მაგრამ არარეალურად გვესახება ამის გამაგრება, სასურველია, რომ ეს მასა მოიხსნას და მეწყრული სხეული უნდა დამუშავდეს.

ამ ეტაპზე მეწყრული სხეულის დაძვრა როგორც უხვ ნალექს, ასევე საკმაოდ სუსტ მიწისძვრასაც ძალიან მარტივად შეუძლია. დღეს რასაც ვაკვირდებით ცოცხალი ორგანიზმივითაა და ფიქსირდება ქვათა ცვენა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრთხე რეალურია“, - განაცხადა გეოლოგმა.





გიორგი ვოიშენკომ განმარტა, რომ ამ დროისთვის მნიშვნელოვანია დროული მოკვლევა.

„გასაკეთებელია მონიტორინგი, რომ შეფასდეს რა ტემპით ხდება ამ მეწყრის დაძვრა. ამასთან საჭიროა გეოფიზიკური და გეოდეზიური კვლევები, რომელიც დაადგენს დაძრულ მასას რა პოტენციალი გააჩნია, ანუ თუ მოულოდნელად ჩამოწვება რა მოცულობა ჩამოწვება და რა ტერიტორიას დაფარავს. გარკვეული შიში უნდა გვქონდეს, რომ სიფრთხილეში გადავიდეს და არა პანიკაში“, - აღნიშნა გიორგი ვოიშენკომ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა