მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

George Grey Winery-მ ცისფერის შემდეგ მწვანე ღვინის წარმოება დაიწყო

6234bc4e63bdd
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.22 21:06
3404
ცისფერი ღვინო Kesane-ს შემდეგ კომპანია George Grey Winery მწვანე ფერის ღვინის წარმოებას იწყებს. Kesane Green Wine-ის სახელწოდებით, ახალი ღვინო მიმდინარე კვირაში ჩამოისხა. მისი საწყისი წლიური წარმოების მოცულობა 2 000 ბოთლი იქნება.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი რუხაძე აცხადებს, ახალი პროდუქტის შექმნის იდეა მათი ცისფერი ღვინისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე გაჩნდა. მისივე თქმით, კომპანიამ მწვანე ფერის მიღებაზე დიდი ხანი იმუშავა.

„კომპანიის დაარსებისას ჩვენ თქვით, რომ მომხმარებელს სიახლეს შევთავაზებდით. ცისფერი ღვინის წარმოება საქართველოში პირველი სიახლე იყო და ამის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი მწვანე ფერის ღვინის წარმოებაზე. როგორც ცისფერი, ასევე მწვანე ფერის ღვინის გამოცდილება მსოფლიო ბაზარზე არსებობს, თუმცა ჩვენ მსოფლიოს აღნიშნული ღვინის ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ, კონკრეტულად კი Kesane Green Wine-ში თავს მოიყრის ძველი ქართული 8 000-წლოვანი ღვინის წარმოების ტრადიცია და თანამედროვე მეღვინეობა ტანდემში, რაც მოიცავს ქვევრის ქისისა და ცოდნის გაერთიანებას, რაც "კესანეს" წარმოების შედეგად მივიღეთ. კონკრეტულად კი მწვანე ფერის მისაღებად, პიგმენტი კვლავ ყურძნის კანის პიგმენტიდან მიიღება. ღვინო ნახევრად ტკბილი იქნება და მისი წლიური საწარმოო მოცულობა დაახლოებით 5 000 ბოთლამდე გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.



ახალი მწვანე ფერის ღვინო გაყიდვაში პირველ რიგში ადგილობრივ ბაზარზე ჩაეშვება მომავალი კვირიდან და მისი ღირებულება 50 ლარამდე იქნება. Kesane Green Wine-ის ყიდვა მსურველებს მეიდან ბაზარში, ქარვასლაში (ღვინის მუზეუმი), ორბელიანის ბაზარში, 8000 მოსავალსა და ალკორიუმში, ასევე George Grey Winery ვებგვერდზე შეეძლებათ.

გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ ღვინის ექსპორტიც იგეგმება.