მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - Galt & Taggart-ის პასუხი

60b8cb5ba8a4b
ინგა მურუსიძე
03.06.21 16:38
6784
Bloomberg-ის სისტემაში 16:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.12 ლარი ღირდა, დღევანდელი ვაჭრობა კი დოლართან მიმართებით 3.21-იანი კურსით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 15 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 20 თეთრით გამყარდა. Bm.ge დაინტერესდა, თუ რას უკავშირებენ დარგის სპეციალისტები ეროვნული ვალუტის მკვეთრ გამყარებას და როგორი პროგნოზები აქვთ.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი კურსის გამყარების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

„საკმარისი ინფორმაცია, რომ ზუსტად გავიგოთ, ამ კონკრეტულ დღეს, რატომ გამყარდა ლარი, ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიური მოლოდინები მოქმედებს. რაც შეეხება პოზიტიურ ფაქტორებს, ესენია: ეკონომიკის გახსნა, 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა, რამაც ტურიზმის აღდგენის მოლოდინი გაამყარა, ასევე არის კომუნიკაცია, რომ მკაცრი ჩაკეტვა, „ლოქდაუნი“ აღარ იქნება, რასაც ყველაზე მძიმე ეფექტი ჰქონდა, მათ შორის ლარის კურსზე. არის ვაქცინაციის დაჩქარების მოლოდინი და ამას ემატება ექსპორტის, ფულადი გზავნილების ზრდა. უნდა აღინიშნოს ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც აპრილში მოხდა. ეს ყველაფერი ქმნის მოლოდინებს. როგორც ნეგატიური მოლოდინები აისახება, ისეა პოზიტიურიც. ასევე შემცირებულია დეპოზიტების დოლარიზაცია, ანუ, რასაც აჟიოტაჟურ ქცევას ვეძახით, არის სწორედ ეს, რომ ლარზე ხდებოდა ზეწოლა და ახლა ეს შემცირებულია. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კურსზე ახდენს დადებით გავლენას“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება პროგნოზებს, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ თუკი არსებული პოზიტიური ფაქტორებიდან უარყოფითი მიმართულებით არაფერი შეიცვალა, გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.

„ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. რისკის ფაქტორი ყოველთვის არსებობს. ლარს აქვს მცურავი კურსი, რაც ნიშნავს, რომ მასზე მოქმედებს ყველაფერი, რაც ხდება ბაზარზე“, - ამბობს ევა ბოჭორიშვილი.

რაც შეეხება თურქული ლირის გაუფასურების გავლენას, მისი განმარტებით, ახლა იმდენად ძლიერია პოზიტიური ფაქტორები, რომ მთლიანად გადაწონა ის ნეგატიური ფაქტორები, რაც უკავშირდება თურქული ლირის გაუფასურების მოლოდინს.

„თურქული ლირის გაუფასურება აჩენს ხოლმე ლარის გაუფასურების მოლოდინსაც, რაც შემდგომ არ დასტურდება რიცხვებში. ახლა იმდენად ძლიერია პოზიტიური ფაქტორები, რომ მთლიანად გადაწონა ის ნეგატიური ფაქტორები, რაც უკავშირდება თურქული ლირის გაუფასურების მოლოდინს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ის არ ელოდება ეროვნული ბანკისგან რაიმე ფორმით ინტერვენციას, კურსის მკვეთრი გამყარების შესაჩერებლად, ვინაიდან, ბოლო 2 წელიწადში ვალუტა მკვეთრად იყო გაუფასურებული და შესაძლო ინტერვენცია, სავარაუდოდ, კონტრპროდუქტიული იქნება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარის ოფიციალური კურსი 17:00 საათისთვის გამოქვეყნდება.