მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის ზომის მიწები და 275 მლნ 10 წელში - საპატრიარქოს ქონება და დაფინანსება

60ec001e94091
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.21 14:35
3529
საქართველოს საპატრიარქო ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 25 მილიონ ლარს იღებს. ეს თანხაა გათვალისწინებული საპატრიარქოს დაფიანსებისთვის 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტითაც, თუმცა ცენტრალური ბიუჯეტი არ არის დაფინანსების ერთადერთი წყარო, რადგანაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველობა ყოველწლიურად საპატრიარქოს დამატებით მატერიალურ სიკეთეს გადასცემენ. საუბარია უძრავ ქონებაზე, ღონისძიებების დაფინანსებასა თუ სხვა ხარჯებზე.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” (TDI) შეფასებით, ეს დაფინანსება ყოველწლიურად 4-დან 5 მილიონ ლარამდეა.

კიდევ ერთი კატეგორიის ხარჯი, რომლის გაღებაც მთავრობას უწევს, არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) მიერ საპატრიარქოსთვის გაწეული უსაფრთხოების ხარჯები, რაც უშუალოდ ამ უწყების ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსგან იღებს ასევე დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას – მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. TDI-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება, დაახლოებით, 64 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, რაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ფართობის ტოლია.

2020 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ ტყის კოდექსს, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყის მასივის გადაცემის ახალ წესებს ადგენს. დოკუმენტის მიხედვით, საპატრიარქოს შეუძლია თითოეული ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 20 ჰექტარის ტყის ნაკვეთი სახელმწიფოსგან პირდაპირი წესით მიიღოს. ეს კანონი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

უშუალოდ საპატრიარქოსთვის გადასაცემი ტყისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გარდა, მსხვილ უძრავ ქონებას ფლობენ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირები, თუმცა ამ ფართობების ზუსტი მოცულობის განსაზღვრა რთულია.

საქართველოს საპატრიარქო საბიუჯეტო დაფინანსებას 2002 წლიდან იღებს.

“იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო დაფინანსების პრაქტიკას საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების არგუმენტით ამართლებს, ფორმალურად, საპატრიარქოს ფინანსურ უზრუნველყოფას პირდაპირი დაფინანსების სახე აქვს. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული მატერიალური სიკეთე უმრავლეს შემთხვევაში რელიგიური საქმიანობისა და მიზნებისთვის გამოიყენება და შესაბამისად, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს,” - ნათქვამია TDI-ის ანგარიშში, რომელიც საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას ეხება.