მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ შეიძლება იმპორტირებული, ადგილობრივი ნაწარმის თვითღირებულებაზე იაფად იყიდებოდეს" - კუმისი

608bad0ae89f7
ლიკა გურაბანიძე
01.05.21 10:22
3182

ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივმა კვერცხის წარმოებამ იმპორტირებული თითქმის სრულად ჩაანაცვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი ნაწარმი ქართულ ბაზარს სრულად აკმაყოფილებს. რა თქმა უნდა, იმპორტი გვაქვს, თუმცა მისი წილი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე საკმაოდ მცირეა.

წლების განმავლობაში კომპანიებმა განვითარება საკუთარი რესურსის ხარჯზე შეძლეს და ეს ბაზრის მთავარი მოთამაშეების შემოსავლებზეც აისახა. 2018 წელს “კოდას” შემოსავალი 25 748 000 ლარი იყო, “კუმისის” 2019 წელს 17 320 031 ლარი, ხოლო “შპს დილის პროდუქტების” შემოსავალი 2019 წელს 18 396 000 ლარს შეადგენდა. 

თუმცა, სექტორში უამრავი პრობლემა  არსებობს, რომელიც კვერცხის მწარმოებლებს განვითარებაში ხელს უშლით. მათ შორის არის იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე დემპინგური ფასით შემოსვლა. “კუმისის” მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი გოგიტა მაისურაძე აღნიშნავს, რომ ბევრი კრიზისი გამოიარეს, თუმცა დემპინგი წლების განმავლობაში როგორც კომპანიის, ასევე ზოგადად სექტორის უდიდეს გამოწვევად რჩება. 


“იმპორტი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩავანაცვლეთ, ადგილობრივი წარმოებები გაიზარდა. იმპორტი გვაწუხებს არა იმიტომ, რომ ეს იმპორტია, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება შემოტანილი პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასში იყიდებოდეს. სახელმწიფოსთან ამ თემაზე ვთანამშრომლობთ, თუმცა ამ ურთიერთობის გაღრმავებას ვისურვებდი, რათა ადგილობრივი წარმოება დაცული იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პროდუქციის გადაყრა არ მოგვიწევს და ბაზარზე იმპორტი ასე ჭარბად არ იქნება წარმოდგენილი” - აღნიშნა გოგიტა მაისურაძემ.


აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ფრინველის კვერცხის იმპორტი მცირედით - 10.3%-ით შემცირდა. ოთხ საიმპორტო ბაზარზე შეძენილი კვერცხის ღირებულებამ ჯამში 2.6 მლნ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიამდე საქართველომ 2.9 მლნ დოლარის კვერცხი შეიძინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად 163.6%-ით აღემატებოდა (2018 წელს კვერცხის იმპორტისთვის ქვეყნიდან 1.1 მლნ დოლარი გავიდა).