მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ცხოვრების ნორმალურ რიტმზე დასაბრუნებლად, სულ მცირე იმდენი ადამიანი უნდა აიცრას, რაც აქამდე აიცრა“

616d1dbedab80
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.21 11:23
527
„ცხოვრების ნორმალურ რიტმზე დასაბრუნებლად, სულ მცირე ერთი იმდენი ადამიანი უნდა აიცრას, რაც აქამდე აიცრა“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი NCDC-ის Facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების მეხუთე ტალღა დაწყებულია და წინ მძიმე ნოემბერი გველის. ამასთან გამკლავების გზა კი ვაქცინაციაზე გადის. ის დღემდე აცრილ 1 მლნ მოქალაქეს მადლობას უხდის.

„დღეს, თუ გვინდა, გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ჩვენს შვილებს მივცეთ უსაფრთხოდ განათლებისა და განვითარების საშუალება, კიდევ სულ მცირე ერთი იმდენი ადამიანი უნდა აიცრას, რაც აქამდეა აცრილი. საბედნიეროდ, ქვეყანაში ყველას სამყოფი ვაქცინა გვაქვს და არჩევანიც მრავალფეროვანია.

ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობაა საჭირო, სწორედ ამ მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ მარათონს და გთხოვთ მასში მონაწილეობას. ამ ომში დღეს ყველანი საქართველოს სამსახურში მყოფი რიგითი ჯარისკაცები ვართ, რომლებსაც გვაქვს შესაძლებლობა ავიცრათ ერთმანეთისთვის და გადავარჩინოთ ჩვენი ახლობლებისა და თანამოქალაქეების სიცოცხლე.

ამ მოწოდებას დღეს მე, ჩვენი მთავარი სამედიცინო დაწესებულებიდან - ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვაკეთებ, სადაც ქართველ ექიმთა მთელი პლეადები აღიზარდა. სწორედ ეს კლინიკა აგვისტო-სექტემბერში, მასობრივი იმუნიზაციის პროცესში დღეში 4-5 ათას აცრას აკეთებდა. დიდი იმედი მაქვს, ჩვენ ყველა კიდევ ერთხელ გავითავისებთ პასუხისმგებლობას და წლის ბოლომდე, ყოველდღიურად ისევ გვექნება 20-25 ათასი აცრა, რითიც ჩვენი ქვეყანა მშვიდად შეხვდება 2022 წელს“, - მიმართავს ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს.