მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers: 2019 წელს სასტუმროების ბაზრის კლება Airbnb-ის ბაზრის ზრდით დაკომპენსირდა

5f7c160426d93
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.20 12:41
1249
უძრავი ქონების სააგენტოს Colliers International-ის მიერ 2018-2019 წლის უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით ჩატარდა, 2018 - 2019 წლებში მაღალი კლასის სასტუმროების მიწოდება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას აღემატებოდა.

მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2019 წელს, თბილისში სასტუმროების ნომრების მიწოდება 23%-ით გაიზარდა და 12 430 ერთეული შეადგინა, ხოლო ბათუმის მიწოდება 13%-ით 6 341 ნომრამდე გაიზარდა.

„სამომავლო პროექტებს თუ გავითალისწინებთ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში თბილისი და ბათუმი კვლავ მთავარი მიმწოდებლები იქნებიან”, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში საერთაშორისო მაღალი კლასის სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ძირითადი მაჩვენებლების - ნომრის საშუალო დღიური ნორმის, დატვირთულობის კოეფიციენტის, ერთ თავისუფალ ოთახზე შემოსავალის შედარებით შემცირება გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, სასტუმროების ბაზრის ზომა უმნიშვნელოდ შემცირდა, რაც AIRBNB-ის ბაზრის მნიშვნელოვანი ზრდით დაკომპენსირდა. Airbnb მნიშვნელოვნად უწევს კონკურენციას სასტუმროების ბაზარს. 2019 წელს აღნიშნულ AIRBNB-ის ბაზარზე 35 მლნ დოლარი აკუმულირდა.

მიმოხილვის მიხედვით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების ბაზარი, ჯამში, 2%-ით გაიზარდა.