მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესება მათ ფასს 30-50%-ით შეამსუბუქებს - აკაკი ზოიძე

637791879c8cb
BM.GE
18.11.22 23:20
708
მთავრობა ფარმაცევტულ ბაზარზე მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, მოახერხებს თუ არა პროექტი ბაზარზე მედიკამენტების ფასის შემცირებას? - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში ბევრი კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც ასევე კომპლექსურად მოგვარება სჭირდება.

მისივე თქმით, ფარმაცევტული კომპანიები იმაზე მეტ მედიკამენტს იწერენ, ვიდრე საჭიროა, ამას კი არაეთიკური მარკეტინგიც ემატება, რომელიც პაციენტებს ხარისხის ფასთან შეუსაბამო მედიკამენტების ყიდვას აიძულებს.

"კანონმდებლობის მიღების შემდგომ ამ საკითხზე ექვს თვიანი მოკვლევა ჩატარდა. მაშინ სერიოზული კვლევები დაიდო, ყველა დაინტერესებულმა მხარემ - ფარმაცევტულმა კომპანიებმა, ასოციაციებმა, პაციენტების ინტერესთა წარმომადგენლებმა და სხვა სპეციალისტებმა ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვეს - რა შედეგი გამოიღო 2019 წელს კანონმდებლობაში მიღებულმა ცვლილებებმა, რა არის საჭირო ამ პრობლემის გადასაჭრელად და ა.შ. ეს არის კომპლექსური პრობლემა და ასევე კომპლექსურად უნდა მოგვარდეს, მედიკამენტების მაღალ საფასურს რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს - პირველი ეს არის წამლების არარაციონალურად გამოწერა, იმაზე მეტის, ვიდრე საჭიროა და მეორე არაეთიკური მარკეტინგი, ანუ, როცა ექიმები, ფაქტობრივად, კონსულტანტებად არიან წარმოდგენილი აფთიაქებში და მომხმარებლებს ისეთ მედიკამენტებს უწერენ, რომელიც არც ხარისხიანია და ფასიც მაღალი აქვს,’’ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების დასუბსიდირების საკითხს, ზოიძე ამბობს, რომ ყველა ის ქვეყანა, სადაც ფასების კონტროლის მექანიზმი წარმატებულად მოქმედებს, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის მედიკამენტებს მნიშვნელოვნად ასუბსიდირებს და სპეციალური ჯგუფებისთვის მედიკამენტებზე ფასის შემცირება საქართველოშიც აუცილებელია.

"პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მედიკამენტები შეძენა მუდმივად უწევთ, თავიანთი პენსიის მთლიანად ამ საკითხში დახარჯვა უწევთ, საქართველოში მნიშვნელოვანია, რომ სუბსიდირების გაფართოებასთან ერთად სპეციალური ჯგუფებისთვის კონკრეტულ მედიკამენტებზე საფასური შემსუბუქდეს. როგორც წესი, მალე ამ კონკრეტული მედიკამენტების სია 1200-მდე დასახელებას უნდა აერთიანებდეს.

სუბსიდირება თავის არსით ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს გარანტირებული გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ, რადგან სახელმწიფო მათგან ამ მედიკამენტებს შეიძენს, პაცინეტს კი ეტყვის, რომ მე დაგიფინანსებ ამ მედიკამენტს, შენ კი ზედმეტ ფასნამატს საკუთარი ჯიბიდან გადაიხდი, რაც მისთვის 30-50%-იან ფასდკალებას ნიშნავს, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეღავათია,’’ - აცხადებს აკაკი ზოიძემ.

რაც შეეხება სუბსიდირების გაფართოებასა და მის ყველა მედიკამენტზე გავრცელებას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტული პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველების პრობლემის გადაჭრაა.

‘’ყველა მედიკამენტზე რეფერენტული საფასურის მექანიზმის გავრცელებას არ ვეთანხმები, რადგან ახლა მთავარია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, რომლებიც მილიონამდე ადამიანს შეადგენენ, მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა და თუ ეს პრობლემა სრულად აღმოიფხვრება, მერე შეიძლება უკე სუბსიდირების გაფართოებაზეც ვიფიქროთ,’’ - ამბობს აკაკი ზოიძე.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 9 ნოემბერს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა განიხილეს, რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა.