მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პაატა იმნაძე: 200 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინის მიღება ამ წუთასაც შეგვიძლია

5ffebcbb4d606
ინგა მურუსიძე
13.01.21 13:31
1122
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, 200 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის მიღების შესაძლებლობა ქვეყანას ამ წუთასაც გააჩნია.

ასე გამოეხმაურა იმნაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ "ფაიზერის" ვაქცინა კარგია, თუმცა -80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს და ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს, საქართველოში კი -80°-იანი მაცივარი სულ რამდენიმეა.

„საქართველო ვაქცინას იყიდის კოვაქსის პლატფორმიდან, სადაც ფული უკვე გადახდილია, თუმცა თუ ვინმე მოგვყიდის ამ ვაქცინას მის გარეშე, მზად ვართ, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლებისგან, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ ვაქცინების მიღება შეუძლებელია. თადარიგი დაჭერილია წინა წლის აგვისტოში, მაგრამ მაინც“, - ამბობს იმნაძე.

ინფორმაციისთვის: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინის - Pfizer-ის შემოტანა Covax პლატფორმასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ამასთან, როგორც გაბუნია ამბობს, დღეისთვის საქართველოს 700 000 მოქალაქისთვის ვაქცინის 1.4 მლნ დოზა აქვს შეძენილი, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.

„6 იანვარს ქვეყნებმა მიიღეს წერილი კოვაქს პლატფორმიდან Pfizer-ის ვაქცინის შემოთავაზებასთან დაკავშირებით, თუმცა იქამდე ქვეყანამ ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად მზადაა და ეს განაცხადი 18 იანვარს უნდა გაიგზავნოს. იანვრის ბოლომდე კი, კოვაქსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და "იუნისეფი" შეაფასებენ განაცხადებს, ქვეყნების მზაობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად მზად არის ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად, ხოლო თებერვლიდან დაიწყება დისტრიბუცია იმ ქვეყნებში, რომელიც გამოთქვამს ვაქცინის მიღების მზაობას, რადგან ყველა ქვეყანას Pfizer-ის ვაქცინის მიღების არც შესაძლებლობა აქვს და არც - სურვილი. ჩვენ ვაკეთებთ ამ განაცხადს და იანვრის ბოლოს გვექნება პასუხი“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.