მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეპიდსიტუაცია გაუარესებულია... თუ გინდათ, მეოთხე ტალღის დასაწყისი დაარქვით - გამყრელიძე

6103c175e6bb5
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 13:09
3370
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძემ დღეს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი დღეისთვის პიკურია და მას მეოთხე ტალღის დასაწყისი შეიძლება ეწოდოს. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მესამე ტალღა ჩვენ გარკვეულწილად მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ და დღეს არსებული მაჩვენებელი, რაც 2 700-ის ფარგლებში გვაქვს, ბოლო დღეების განმავლობაში ის უკვე მესამე ტალღის პიკს ანუ 17 მაისის მაჩვენებლებს აჭარბებს. ამ დროიდან ინფიცირების შემცირების ტენდენცია ძალიან კარგად გაგრძელდა, მაგრამ არ ჩამოსულა იმ დონეზე, რომელიც დამაკმაყოფილებელი შეიძლებოდა ყოფილიყო. 25 ივნისიდან ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ისევ დაიწყო. ეს ბევრი ფაქტორითაა გამოწვეული, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და დღეს შეიძლება ითქვას, მესამე ტალღის შემდგომი განვითარება გვაქვს, ანუ ზესვლა, ან თუ გინდათ მეოთხე ტალღის დასაწყისი დაარქვით. მნიშვნელობა არ აქვს რას ვუწოდებთ, ფაქტია, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ პიკური პერიოდი, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ინფიცირების მაჩვენებლების ამის შემდეგ ნელი ტემპით შემცირდება.

„რასაც ვპროგნოზირებდით ბოლო სამი დღის განმავლობაში, აბსოლუტურ რიცხვში კი იზრდება ინფიცირების რაოდენობა, მაგრამ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულწილად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ... და ჰელსმეტრიკის ინსტიტუტიც გვეუბნება, რომ ჩვენ ახლა შემდგომ პიკს გადავდივართ, რომელიც შეიძლება 10 დღე - 2 კვირა გაგრძელდეს და შემდგომ უნდა იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით. ამის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაცია და იმ რეკომენდაციების განუხრელი დაცვაა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.