მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში 40-50 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რაც 1 თვე გვეყოფა - "ბარაქა"

621f80177f9e5
ანუკა ჯოხაძე
03.03.22 09:00
1059
ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის მწარმოებლები ქვეყანაში ხორბლის მარაგის კრიტიკულ მოცულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 40-50 ათასი ტონა ხორბლის მარაგია, რომელიც ქვეყნის მოხმარების გათვალისწინებით, 1 თვის სამყოფია.

როგორც კომპანია “ბარაქას” დირექტორი ლადო ბიძინაშვილი აცხადებს, რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის ნაწილში შეფერხებები განვითარებული მოვლენების გამო უკვე ფიქსირდება.

შესაბამისად, მისი თქმით, მთავრობამ ხორბლის მარაგების შექმნის თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

“მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ქვეყანაში არის 40-50 ათასი ტონა ხორბლის მარაგი, რომელიც,  ჩვენი ქვეყნისთვის დაახლოებით, 1 თვის მოხმარებაა. ქვეყანას მინიმუმ უნდა ჰქონდეს სულ მცირე ორი თვის მარაგი მაინც. 2 თვეზე ნაკლები მარაგი უკვე კრიტიკულ რაოდენობად ითვლება მითუმეტეს მაშინ, როცა მეზობელი ქვეყანა ომშია ჩართული, ხოლო უკრაინა და რუსეთი ხორბლის ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორად გვევლინებიან. შესაბამისად, ექსპორტთან დაკავშირებული პროცესები შეფერხებულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაღაც ღონისძიებები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ სავალალო მდგომარეობაში", - აცხადებს კომპანია “ბარაქას” დირექტორი ლადო ბიძინაშვილი.

საქართველოში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება და ადგილზე წარმოებულ ფქვილს იმპორტირებული ანაცვლებს. მიზეზი მეზობელი სახელმწიფოს, რუსეთის მხრიდან ხორბლის იმპორტზე დაწესებული მცურავი საბაჟო ტარიფია, რამაც ქართველ იმპორტიორებს ხორბალი თითქმის 100 დოლარით გაუძვირა. ხორბლისგან განსხვავებით მსგავსი ტარიფები არ მოქმედებს ფქვილის იმპორტზე. შედეგად კი ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით ფასთაშორის დიდი განსხვავების გამო ფქვილის იმპორტმა ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლა.

წისქვილკომბინატებმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიმართეს, რათა ფქვილის იმპორტზე გარკვეული სარკისებური გადასახადი დაწესებულიყო. წისქვილკომბინატები შესაბამის შეთავაზებაზე უწყებებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს მყისიერად არ გადადგამს, წისქვილკომბინატებს დახურვა და იმპორტზე გადართვა მოუწევს.