მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ის დამფუძნებელი საქართველოს პრეზიდენტს პერსონა ნონ გრატად აცხადებს

646a0212874b6
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 15:37
1041
საქართველოს პრეზიდენტის მიერ "ჯორჯიან ეარვეისისთვის" გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ, კომპანიის დირექტორი, თამაზ გაიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილის ბოდიშის მოხდამდე პერსონა ნონ გრატად აცხადებს. „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებლის განცხადებას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თამაზ გაიაშვილი პრეზიდენტის განცხადებას შტურმად აფასებს და აცხადებს, რომ ეს უსინდისობაა.

"არ მსურდა ქალბატონ პრეზიდენტზე რამე მეთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია, მაგრამ მისმა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებამ სხვა გზა არ დამიტოვა.

ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას, რომელსაც მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ოცდაათი წელიწადი უსრულდება და, რომელმაც საქართველოსთან ერთად მრავალი ჭირ-ვარამი გამოიარა, ბოიკოტი გამოუცხადა. იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან.

ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია. გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავადსახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში, ”ჯორჯიან ეარვეისს” კი არავისგან არაფერი მიუღია, გარდა ხელისშეშლისა.

ავიარეისები არ განახორციელოთო, მოგვიწოდებს ქალბატონი სალომე. გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის საქართველო მახსენდება, როდესაც სამტრედიაში სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს, საბჭოთა ეკონომიკა უნდა დავანგრიოთო. ქალბატონი სალომე ახლა, როგორც ჩანს, იმავე აზროვნების ინერციით მოქმედებს და ჰგონია, რომ ქართული ავიაკომპანიის გაჩერებით რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს. ან რა ტიპის დემოკრატიაა ის, რომ უმრავლესობამ აგრესიული უმცირესობის ჭკუაზე იაროს. დემოკრატია საკითხების უმრავლესობით გადაწყვეტას ნიშნავს, უმცირესობის ჭკუაზე სიარულს კი დიქტატურა ჰქვია.

ქალბატონმა სალომემ ეროვნულ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ჩვენ მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და, ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ," - წერს გაიაშვილი.