მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways: "რაინეარმა" თბილისიდან დაიწყო ფრენა და ჩვენი მგზავრები მათთან მიდიან

5e32e584a33ab
ინგა მურუსიძე
31.01.20 17:46
15138
Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ავიაკომპანიისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და შექმნილ კრიზისში ორ ძირითად პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბოკერიას მტკიცებით, ბაზარზე შექმნილია არაკონკურენტული გარემო, ვინაიდან საქართველოს მთავრობა ახორციელებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების კონკრეტული რეისების თანადაფინანსებას, რასაც ეროვნული ავიაკომპანიის შემთხვევაში არ აკეთებს.  "უკვე თბილისში დაიწყო იპერირება დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია "რაინეარმა" და Georgian Airways-ის მგზავრებმა სწორედ "რაინეარით" დაიწყეს ფრენა", - თქვა მან 30 იანვარს გადაცემა "საქმიანი დილაში".

რომან ბოკერია მიიჩნევს, რომ სამართლიანი კონკურენციის პირობებში კომპანია შეძლებდა, თავისი სახსრებით და ფინანსური რესურსებით დაეძლია შექმნილი კრიზისი.

"გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ბაზარზე შემოვიდა უცხო ქვეყნის ავიაკომპანია და დაიწყო ოპერირება იმ რეისებზე, რომელზეც ჩვენ უკვე მარკეტინგული კამპანია გვქონდა გაწეული, შედეგად, შეგვექმნა პრობლემები... ასევე მთავრობა ახორციელებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების კონკრეტული რეისების თანადაფინანსებას, რის შედეგადაც ჩვენ დავზარალდით. ასევე,  საქართველოში შემოვიდა კომპანია "ვიზეარი" და ბოლოს მივიღეთ დარტყმა ე.წ. "რუსული ავიაემბარგოს" სახით. ჩვენ და "ვიზეარი" სხვადასხვა სეგმენტში ვართ, ჩვენ დავფრინავთ თბილისიდან, ხოლო „ვიზეარი“ - ქუთაისიდან, მაგრამ ახლა „რაინეარმა“ დაიწყო ფრენა თბილისიდან და ჩვენი მგზავრთა ნაკადი მათთან მიდის", - განაცხადა ბოკერიამ.

"საქმის კურსის" ეთერში რომან ბოკერიამ ასევე ისაუბრა იმ სამართლებრივ დავაზე, რომლის წამოწყებასაც Georgian Airways-ი რუსეთის წინააღმდეგ გეგმავს. ის განმარტავს, რომ სარჩელის მომზადებაზე ამერიკული იურიდიული კომპანია მუშაობს და პროცესის წამოწყება, სავარაუდოდ, 10 მლნ დოლარი დაჯდება.

ბოკერიას თქმით, ამერიკელი იურისტები ამბობენ, რომ Georgian Airways-ს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ავიაციის დეპარტამენტის დამარცხების შანსი აქვს, ვინაიდან ემბარგოს არც ერთ არგუმენტს საფუძველი არ ჰქონდა.

"რუსულ ემბარგოს ორი საფუძველი ჰქონდა, ისინი ამბობდნენ, რომ ვალი გვქონდა, რაც ტყუილი იყო და მეორე - გვითხრეს, რომ ტექნიკური შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რაც ასევე ტყუილი იყო, რადგან არათუ  ევროპულ სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ, არამედ სტანდარტები შეთანხმებული გვქონდა თავად რუსეთთან. კარგია ასევე ისიც, რომ რუსეთის მთავრობამ ინდუსტრიის მიერ ზარალის მიღება აღიარა“, - განაცხადა ბოკერიამ.