მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეფორმები უნდა გააგრძელოს საქართველომ? - IMF-ის პასუხი

6368d7c428891
შოთა ტყეშელაშვილი
07.11.22 14:05
645
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ საქართველომ რამდენიმე ძირითადი რეფორმა უნდა გააგრძელოს. საუბარია სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე, ასევე ენერგეტიკის სფეროს დაფინანსების რეფორმაზე, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და განათლების სისტემის რეფორმაზე.

“სტრუქტურული რეფორმების საკითხს რამდენიმე ნაწილად დავყოფდი, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების რეფორმასაც, ფისკალური თვალსაზრისით, რათა გაკონტროლებული იყოს რისკები. ასევე, ეს რეფორმა იმისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კომპანიებმა უფრო ეფექტიანად გააგრძელონ საქმიანობა. ამასთანავე, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, უნდა მოხდეს ენერგეტიკის სექტორის რეფორმასა და ინვესტიციებზე ხაზგასმა, რაც ასევე, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ზრდას შეუწყობს ხელს. ასევე, რაც შეეხება სხვა რეფორმებს, გვსურს, ვიხილოთ ამ პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში პროგრესი ზრდის ინკლუზიურობის ხელშეწყობისთვის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია განათლება და პროფესიული გადამზადება, რათა პასუხი იყოს გაცემული მაღალ ინფლაციაზე და შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი იყოს აღმოფხვრილი. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების გაგრძელება, თქვენ დიდი პროგრესი გაქვთ, მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ და ეს მნიშვნელოვანია ისეთი რეგიონების პოტენციალის ასათვისებლად, რომლებიც აქამდე არ იყო ათვისებული. ასევე საუბარია ბიზნესის მხარდაჭერასა და ახალი ბაზრების გახსნაზე, რაც სავაჭრო შეთანხმებებით უნდა მოხდეს.

წელს გამოჩნდა, რომ გაიზარდა საქართველოს როგორც სატრანზიტო ჰაბის ათვისება ეს არის ის სფერო, რომელსაც ბევრი შემადგენელი ნაწილი აქვს და გზებში, რკინიგზაში, ლოგისტიკურ ცენტრებსა და პორტებში ინვესტიციების ჩადება საქართველოს დამატებითი პოტენციალის რელიზებაში დაეხმარება,” - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

2022 წლისთვის IMF საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2023 წლისთვის ფონდი ქვეყანაში 4%-იან ზრდას მოელის.