მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მექანიზმებია „აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად?

63d7c837ee563
თინათინ ნატმელაძე
30.01.23 19:35
1014
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლიდან სხვადასხვა პროგრამების დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე მუშაობს. როგორც სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ბოსტაშვილი გადაცემა „საქმიანი დილაში“ აცხადებს, გასულ წელს ფინანსური ხელშეწყობის კუთხით ყველა დასახული მიზნის 100%-ით შესრულება მოახერხეს.

„საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის დახმარებით გასულ წელს 200 მილიონ ლარზე მეტი სესხი გავიდა, აქ გვქონდა ჩვენი ინსტრუმენტი, თუ ბიზნეს უნივერსალთან ბმაში იყო სესხი მეწარმეს იქ შეეძლო, რომ 60%-იანი უზრუნველყოფა გამოეყენებინა, ანუ რეალური ქეში სააგენტოს ანგარიშზე დაედო, რაც ქონების წარდგენის წნეხის შემსუბუქებას ნიშნავდა. აღნიშნულ პროგრამაში ერთგვარი სიახლეც გვაქვს, თუ სესხის აღების დროს ბანკს ქონების 150%-ზე მეტის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა, ახლა ჩვენ ეს ზღვარი 110%-ზე დავწიეთ, რაც მეწარმის მხარის პირობებს აუმჯობესებს.

რაც შეეხება ბიზნეს უნივერსალის მექანიზმს, აქ 300-ზე მეტი საქმიანობაა თავმოყრილი, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 230 მილიონი ლარის სესხი გაიცა და აქაც გვაქვს გარკვეული სიახლეები - აქამდე სესხის აღების შემდეგ სახელმწიფო რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის სუბსიდირებას ახდენდა, ახლა გვაქვს რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 11%. ასევე, ბიზნეს უნივერსალის ფარგლებში გამოვყავით ავეჯის მიმართულების 60-მდე საქმიანობა, რომლებსაც ექსპორტის პოტენციალი აქვთ და მათ პროექტის დასრულების შემდეგ აუდირებული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, თუ კი თანხა მიზნობრივად დახარჯეს, შეუძლიათ, თანხის 15% უკან დაიბრუნონ,“ - განაცხადა ბოსტაშვილმა.

იგი ასევე განიხილავს მიკროგრანტების მიმართულებასაც და აღნიშნავს, რომ გასულ წელს 30 მილიონი ლარის ოდენობის მიკროგრანტი გაიცა, რაც 1 400-მდე ბიზნეს პროექტის დაფინანსებას გულისხმობს.

რაც შეეხება ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმს, სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, ამ მიმართულებით მთავარი სიახლე საკონსულტაციო ცენტრების გახსნაა.

„უკვე 400-მდე ექსპორტის მენეჯერი გადავამზადეთ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაც, სადაც სასმლისა და საკვების მწარმოებლები ლიდერობენ, თუმცა ბოლო პერიოდში დაემატა ტექსტილი და საბავშვო სათამაშოების წარმოებაც. ამ მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საკონსულტაციო ცენტრების გახსნაა. 10 ობიექტის გახსნა იგეგმება, დაიწყება ზუგდიდით, ბათუმით და მთელ საქართველოს მოიცავს. ამ ცენტრების მიზანი მწარმოებლების დაკვალიანება და მათთვის ერთგვარი განათლების მიცემა იქნება,“ - განმარტავს ბოსტაშვილი