30.ივნისი .2022 21:30

ენგურის კაშხლის მიმდებარედ ატრაქციების შექმნა ტურისტების რაოდენობას გაზრდის - კვლევა

ენგურის კაშხლის მიმდებარედ ატრაქციების შექმნა ტურისტების რაოდენობას გაზრდის - კვლევა
views 758
უკან

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი გამოაქვეყნა. კვლევაში წერია, რომ სამეგრელოს რეგიონში გამოცდილებისა და კულტურული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალია. ზემო სვანეთის რეგიონი კი სამთო, სათხილამურო და ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით განვითარების მრავალ შესაძლებლობას ფლობს.

საუბარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალზეც. კვლევის მიხედვით ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციის შექმნა, საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას გაზრდის.

"იმის გათვალისწინებით, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების უმნიშვნელო წილს შეადგენს, რისკი, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პირობებში საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა ვერ მოხერხდება, უმნიშვნელოა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, ტურიზმის სექტორში მოიზიდოს მცირე და საშუალო ზომის ინვესტიციები მოიზიდოს, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს, როგორც ადგილობრივ ბიზნესზე, ისე მოსახლეობაზე.

რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – საკმაოდ მწირია უშუალოდ მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებთან დაკავშირებული ეკონომიკური კვლევები და მონაცემები ამ მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ რეგიონში მდებარეობს საქართველოში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის – „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით, ენგურის კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციის შექმნა იგეგმება. აღნიშნული პროექტი აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი პლატფორმების, პანორამა ლიფტის, საბაგირო გზისა და ზიპლაინის მოწყობას, ამავდროულად წყლის სპორტის სახეობების განვითარებას ითვალისწინებს.

ხელისუფლების გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება. აღნიშნული პროექტის განხორციელებამ რეგიონში დამატებითი მსხვილი ტურისტული ატრაქცია უნდა შექმნას, რაც გაზრდის ადგილზე როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას. ეს კი, ტურისტული ინვესტიციების მოძიებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო.

იმისათვის, რომ ტურისტული ინვესტიციების მოზიდვა რეალისტური იყოს და მუნიციპალიტეტის დაფარვა არ მოხდეს მხოლოდ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტის ცენტრებიდან (მაგალითად ზუგდიდიდან, მისი სასტუმროებიდან და ა.შ.), მნიშვნელოვანია ადგილზე ტურისტული მარშუტებისა და არსებული კულტურული შესაძლებლობების განვითარება, რაც საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ წალენჯიხის სათავგადასავლო ტურიზმის პერსპექტივის შესწავლამ აჩვენა, რომ საერთაშორისო ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონში ეკოტურიზმის მიმართულება – დღესაც არსებობს გამოცდილება, როცა ტურისტები მიემართებიან ძირითადად მაღალმთიან სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებზე, ისეთებზე, როგორიცაა – ტობავარჩხილი, მდინარე ინწრას სათავე და მთელი ხეობა, ყვირას მთა, წიფურონა (წიფლნარი), კერნახონა და სხვა.

მნიშვნელოვანი იყო, რომ, კვლევის თანახმად, არ არსებობს ადგილზე ტურისტული კომპანიები, რომელიც რეგიონში ჩამოსულ ტურისტს სხვადასხვა მარშრუტებს შესთავაზებდა და რომელთა მარშუტებიც ინტეგრირებული იქნებოდა საქართველოს მსხვილი ტურისტული კომპანიების მარშრუტებში; ტურისტთა დიდ ნაწილს ადგილზე არ უსარგებლია კვების მომსახურებით; დასარჩენად კი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული გესთჰაუზები იყო, სადაც გასტროტურიზმის ელემენტების ჩართვა შეიძლება. შესაბამისად, სათავგადასავლო ტურიზმის ხელშეწყობისთვის, პირველ რიგში – ხელისუფლებამ დამატებითი ტურისტული ატრაქციების მოწყობაზე – მომსახურების ინფრასტრუქტურის შექმნაზე უნდა იზრუნოს, რასაც კერძო ინიციატივაც უდაოდ მოჰყვება. შესაბამისად – ეკოტურიზმისა და გასტროტურიზმის მიმართულება მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ საინტერესოა", - წერია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა