მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"GPI Holding-ი რუსულ გადამზღვევ კომპანიებთან არასდროს თანამშრომლობდა" - კომპანიაში მიზეზებს განმარტავენ

624c209f615aa
ვიქტორია მღებრიშვილი
05.04.22 14:18
1181
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა რუსეთის და ქვეყანაში მოქმედი მსხვილი კომპანიების რეიტინგები უკიდურესად შეამცირეს. ეს პროცესი რუსულ სადაზღვევო სექტორსაც შეეხო. აქედან გამომდინარე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ქართულ სადაზღვევო კომპანიებს რუსულ გადამზღვევ კომპანიებთან თანამშრომლობის გადახედვისკენ მოუწოდა. ამ საკითხზე გადაცემა „საქმიან დილაში“ დაზღვევის საბროკერო კომპანია MAI Georgia-ს დირექტორმა ლევან ჯიშკარიანმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართული სადაზღვევო კომპანიები რუსულ ბაზარზე რისკებს ხელმისაწვდომი ფასების გამო აზღვევდნენ, რუსულ კომპანიებზე უარის თქმა კი, თავის მხრივ, საქართველოში დაზღვევის ღირებულებაზეც იმოქმედებს.

BM.GE-ი დაინტერესდა - რა გავლენას იქონიებს ზოგადად რუსულ გადამზღვევ კომპანიებში სადაზღვევო კომპანიების რისკების გადაზღვევის შეჩერება სექტორზე? ამ კითხვით საქართველოში ყველაზე მსხვილ სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგს" მივმართეთ, რომელიც 2006 წლიდან ევროპის უმსხვილესი კომპანიის „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე „ჯი პი აი ჰოლდინგი“ თავისი რისკების გადაზღვევას რუსულ ბაზარზე არასდროს ახდენდა და რუსულ გადამზღვევ კომპანიებთან არასდროს თანამშრომლობდა, შესაბამისად კომპანია ამ მხრივ არანაირ ცვლილებებსა და გავლენებს არ ელის.

„ჯიპიაი ჰოლდინგს, როგორც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრს, იმაზე მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვება, ვიდრე ეს რუსეთის გადამზღვევ კომპანიებს აქვთ. შესაბამისად, რუსულ კომპანიებთან ჩვენ არასდროს ვახდენდით რისკების გადაზღვევას, რადგან რუსეთ-უკრაინის ომამდეც რუსეთის დაბალი საერთაშორისო რეიტინგების გამო, მათ ბაზარზე არსებული გადაზღვევის კომპანიებიც მაღალი რეიტინგებით არ სარგებლობდნენ. ჩვენი მოთხოვნაა, საერთაშორისო რეიტინგის A კატეგორიის რეიტინგის მქონე კომპანიებთან თანამშრომლობა. ამიტომ მხოლოდ ამ რეიტინგის გადამზღვევ კომპანიებთან გვაქვს პარტნიორობა აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე“, - განმარტეს „ჯიპიაი ჰოლდინგში“.