მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწვავი, შესაძლოა, 60 თეთრით გაიაფდეს - საქართველოს მთავრობა რამდენიმე ქვეყანასთან მუშაობს"

62418f69da5e2
სალომე მეცხვარიშვილი
28.03.22 14:37
7249

"სენტა პერტროლიუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე საქართველოში საწვავის გაიაფების მექანიზმებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, საქართველომ შესაძლოა კონკრეტული ქვეყნებიდან საწვავი გაცილებით იაფად მიიღოს, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ფასებია. ბიზნესმენი ამბობს, რომ მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს და თუ შეთანხმება შედგა, ერთ ლიტრ საწვავზე სხვაობა შესაძლოა 50-60 თეთრი იყოს. ამის შესახებ მან გადაცემა “საქმის კურსის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

“იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს და უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკება სხვადასხვა ქვეყნებთან. მიდის საუბარი, რომ შესასყიდი ფასი საქართველოსთვის იყოს იაფი, ვიდრე საერთაშორისო ბაზრის ფასებია.

მაგალითად, პლატცთან მიმართებით თუ ბენზინის ფასი 1100 დოლარია, შეიძლება მინიმუმ 300 დოლარით შემცირდეს (ღირებულება საქართველოსთვის). ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, ეს იწვევს დაახლოებით 50-60 თეთრიან სხვაობას(ერთ ლიტრზე)”,- ამბობს ზაალ იაკობიძე.

ბიზნესმენი არ აკონკრეტებს რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროცესი “ძალიან აქტიურად მიდის”.

“მე როგორც ვიცი, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად უნდა გადაწყდეს საკითხი. ეს არის ყველაზე ქმედითი, რაც შეიძლება მოხდეს ამ სიტუაციაში, რადგან მთავრობა და მოსახლეობა ვერ შეცვლის ფასს, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე”,- აცხადებს ზაალ იაკობიძე.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ის "დაზღვევის მექანიზმი", რასაც საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ჰპირდება, ბიზნესმენი ამბობს, რომ დიდწილად, სწორედ ეს იგულისხმება.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას “სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი რუსეთიდან საქართველოში იაფი ბენზინის შემოტანის რისკებზე საუბრობდა.

“რუსეთის ბაზარზე არის კომპანიები, რომლებსაც საქართველოში შემოაქვთ საწვავი. როგორც ცნობილია, რუსეთის ბაზარზე შეიძლება იყოს საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბაზარზე, სადაც საერთაშორისო ფასებით და არსებული ფორმულებით ხდება საწვავის შესყიდვა. თუ ქვეყანაში რუსეთიდან იაფი საწვავი შემოვა, ძალიან რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ბიზნესი",- ამბობდა ბიზნესმენი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საწვავი რამდენიმე ქვეყნიდან შემოაქვს, მათ შორის არის რუსეთი, თურქმენეთი, რუმინეთი, აზერბაიჯანი და ა.შ. 2021 წელს ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან - 22.1%, რომელსაც მოჰყვება რუსეთის ფედერაცია - 19.2% და რუმინეთი -18.2%.

ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სუპერის ტიპის ბენზინის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა. საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებში, ყველაზე მოთხოვნადი - რეგულარის ტიპის საწვავი 3.75-დან 3.80-ის ფარგლებშია. თავად საქართველოს მთავრობა და პრემიერი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რადგანაც ინფლაცია მთელს მსოფლიოშია, საქართველო კი საწვავის  სიიაფით მსოფლიოში 71-ე ქვეყანაა. დღესვე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო ბენზინის გაიაფების მიზნით, გადასახადების შემცირებას არ აპირებს.