მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ რეგიონებში იზრდება მიწაზე მოთხოვნა და როგორია ფასი?

62aaf04ea72ae
თათია ჩაფიჩაძე
16.06.22 23:00
9870
ბოლო 2 წელია თბილისის შემოგარენში კერძო სახლების აშენებაზე მოთხოვნა იზრდება. ბოლო ტენდენციებით, ყველაზე მეტად მოქალაქეების მიწის ნაკვეთებს საგურამოსა და ორბეთის მიმართულებით ყიდულობენ.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში გაყიდვების საკონსულტაციო და აუთსორსინგ კომპანია „პროსპექტის“ დამფუძნებელმა გუგა კობახიძემ განაცხადა, ფასი საგურამოში 30-დან 150 დოლარამდე მერყეობს იმის მიხედვით, რამდენად ათვისებულია ესა თუ ის ტერიტორია.

„პანდემიის შემდეგ მიწებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს არ ჩერდება. რიგ ქვეყნებში საზაფხულო სახლი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ტენდენცია ჩვენთანაც შეინიშნება. ცხადია მოთხოვნა განაპირობებს ფასების ზრდასაც. დღეს რამდენიმე მიმართულებაა განვითარებული, ერთი წყნეთი-კიკეთი, მეორე წავკისი-ტაბახმელა და ახლა მნიშვნელოვნად ვითარდება საგურამოს რეგიონი, მიმდებარე სოფლები, სადაც ჯერ დიდი რესურსია და მიწები ხელმისაწვდომია.

ყველაზე პოპულარული მიწის ზომა სახლის მშენებლობისთვის არის 600-1 000 კვ.მ. ფასები საგურამოში შეიძლება იყოს 30-დან 150 დოლარამდეც იმის მიხედვით, თუ რომელი ადგილი უფრო ათვისებულია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მოქმედებს ხოლმე არის ინფორმაციის გავრცელება, როგორც კი კონკრეტულ ადგილზე გავრცელდება ინფორმაცია, მაშინვე ინტენსიურად იზრდება მოთხოვნა. შედეგად საგურამოს გარშემო ახალი ლოკაციები ჩნდება, მაგალითად ახატანი, რომელიც აქამდე უცნობი იყო, თუმცა ადრე ბევრი სააგარაკე სახლი გვხდებოდა.

მიწებზე მოთხოვნა თბილისშიცაა, თუმცა ადრე რასაც სააგარაკეს ვეძახდით, ის დღეს საცხოვრებელი ტერიტორია გახდა, მაგ. მუხიანის აგარაკები. საგურამო ჯერ კიდევ სააგარაკეა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ ის ადგილებიც საცხოვრებელი გახდება, რადგან ბუნებრივი პროცესია, როცა ქალაქი იზრდება, ნაწილი ქალაქგარეთ გადის.

ბათუმის შემოგარენშიც იგივე ხდება, ბახმაროშიც, რომელიც საინვესტიციოდ განიხილება, თუმცა სხვაგან ისეთი ტემპი, როგორიც თბილისშია, არ არის", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კობახიძემ.