მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული ოლიგარქი თავისი წარმომადგენლის და ღარიბაშვილის შეხვედრას ადასტურებს

6267cb9856dc9
BM.GE
26.04.22 14:41
2420
დღეს ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში, რუსმა ოლიგარქმა, AFK Sistema-ს დამფუძნებელმა ვლადიმირ ევტუშენკოვმა, დაადასტურა, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჟურნალისტის კითხვაზე თავდაპირველად მან განაცხადა, რომ ივანიშვილს ბოლოს 18 თებერვალს ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა, ხოლო გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ ევტუშენკოვმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის წარმომადგენელი ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ამასთანავე, ვლადიმირ ევტუშენკოვი ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აქვს.

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა.

არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი], მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით", - "ფორმულას" განუცხადა ვლადიმირ ევტუშენკოვმა.

13 აპრილს, AFK სისტემას დამფუძნებელ ვლადიმირ ევტუშენკოვს დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა და მისი აქტივები გაყინა. Forbes-ის შეფასებით, ევტუშენკოვის ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გუშინ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ ამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აშშ-სა და EU-ს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა.

დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერის ავთენტურობა არაა დადასტურებული და ის ავთენტურიც რომ იყოს, მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობებს ეხება.

"პირველ რიგში, ავთენტურია თუ არა, ეს არავინ იცის, მეორე - რომც იყოს ავთენტური, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე. თქვენ იცით, რომ საქართველოს აქვს ოფიციალურად დაფიქსირებული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ხდება პროდუქტის ექსპორტირება, იმპორტირება, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია და ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა არაფერია და არც რაიმე სხვა პრინციპებთან მოვდივართ წინააღმდეგობაში", - განაცხადა კობახიძემ.