მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Sweet Bee თაფლის ძმრის პროდუქტის ცნობიერების ზრდაზე მუშაობს - რა ღირს და სად იყიდება?

64637ef0c11ce
სალომე ხიდურელი
22.05.23 09:54
696
Georgian Sweet Bee თაფლის ძმრის პროდუქტის ცნობიერების გაზრდაზე მუშაობს. კომპანიის დამფუძნებელი ლევან გელაშვილი BM.GE-სთან აცხადენს, რომ მათ მიერ წარმოები თაფლის ძმარი და არაყი 100%-ით ნატურალური პროდუქტია და კომპანია პროდუქციის დასამზადებლად თაფლს საკუთარი საფუტკრე მეურნეობიდან იღებს.

„როდესაც გადავწყვიტეთ, რომ ქართულ პროდუქციაზე გვემუშავა, პირველ რიგში საკუთარ მეფუტკრეობაზე დავიწყეთ ზრუნვა, სადაც ძირითადი აქცენტი გვექნებოდა პოლიფლორულ, სხვადასხვა ტიპის ყვავილებისგან აღებულ თაფლზე, და არა მონოფლორულზე, რადგან პოლიფლორული თაფლი თავისი სასარგებლო თვისებებით უნიკალურია.

ამის შემდეგ უკვე საჭირო იყო საკუთარი ცვილის საწარმო, რათა ცვილი თავად გვეწარმოებინა და ამით სკაში პროცესების მმართველები თავიდან ბოლომდე თავად ვყოფილიყავით“, - ამბობს ლევან გელაშვილი.

მისი თქმით, ცვილის საწარმოს შექმნამ წარმოების ახალ ეტაპზე გადასვლის საშუალებაც მისცა, რის გამოც ინოვაციური პროდუქტის, თაფლის ძმრის წარმოება გადაწყვიტეს.

„თავიდან დავიწყეთ ძმრის წარმოება, რადგან ეს უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე, მაგალითად არყის წარმოება. მას სჭირდება პირველ რიგში თაფლის მცირეალკოჰოლურ სითხედ, იგივე თაფლუჭად, გარდაქმნა. შემდეგ უნდა დაიწყო მისი დაძმარება, და რადგან თაფლი რთული შაქრებისგან შედგება, ეს პროცესი მარტივი არ არის. ამის შემდეგ „დამწიფების“ პროცესი მიმდინარეობს, რისთვისაც საბოლოო სახის პროდუქტად ჩამოყალიბებისთვის დაახლოებით 1-1.5 წელი იყოს საჭირო. თაფლის ძმარი, თავისი სასარგებლო თვისებებით ბევრად აღემატება ვაშლისა და ყურძნის ძმარს.

რაც შეეხება არაყს, იმისთვის რომ ის შესაბამის გრადუსამდე დაგვეყვანა, საჭირო იყო მისი დარბილებულ თაფლთან ასიმილაცია, რასაც დაახლოებით, 10 თვე სჭირდება“ - აღნიშნავს საწარმოს დამფუძნებელი.

მისი თქმით, კომპანია, ამ ეტაპზე, საზოგადოებაში თაფლის ძმარზე ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს: „ვინც იცის, რა პროდუქტია, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა, მიზერული. ბევრს არც გაუგია. ამიტომ ჩვენი მიზანი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან დღევანდელ დღეს გარემო ძალიან დაბინძურებულია, თაფლის ძმარში კი ყველაფერი სასარგებლო ფერმენტაციის შედეგადაა მიღებული, რაც პროდუქტს ბუნებრივ ანტიბიოტიკად აქცევს“.

Georgian Sweet Bee-ს პროდუქციის შეძენა ჰორეკა ტიპის ობიექტებშია შესაძლებელი, თაფლის არყის ღირებულება ამჟამად 55 ლარია, თაფლის ძმრის კი - 29 ლარი. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა BM.GE-სთან განაცხადა, სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, უკვე მუშაობენ საკუთარი თაფლის ხაზზეც.

„სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საფუტკრე მეურნეობებისთვის თაფლის რეალიზაცია პრობლემაა. როდესაც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა გარკვეული თაფლის შესყიდვისთვის დიდ ტენდერს აცხადებს, ისინი ცდილობენ ერთგვაროვანი პროდუქტი შეიძინონ. ჩვენს ფერმერებს მრავალფეროვანი თაფლი აქვთ, მრავალ კუთხეშია თაფლის წარმოება განვითარებული, ამის გამო თაფლში იმდენად მიზერულ თანხას სთავაზობენ, რომ ზოგ ფერმერს არ უღირს წარმოება.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი კონკურენტუნარიანია, ვფიქრობთ, ჩვენი წარმოების თაფლის ხაზითაც შემოვიდეთ. ამ ეტაპზე ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა ლევან გელაშვილმა.

მისი თქმით, კომპანია თაფლის ძმრისა და არყის ექსპორტზე გატანაც სურს და მოლაპარაკებებს სხვადასხვა აზიურ ქვეყანასთან აწარმოებს.
Georgian Sweet Bee-ს სასმლის ქარხანა და ცვილის საწარმო თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანია რამდენიმე წლის წინ დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით შეიქმნა.