მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეგუთმა" ექსპორტზე 200 ტონა მწვანილი გაიტანა - "კონკურენციას ირანი გვიწევს"

61dd858bb0759
მარიამ იზორია
12.01.22 00:25
1276
ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე და სასათბურე მეურნეობა “გეგუთმა” 2021 წელს ექსპორტზე ჯამში 200 ტონა მწვანილი გაიტანა. მეურნეობა გარდა საკუთარი პროდუქტისა, მწვანილს სხვა მეწარმეებისგანაც იბარებს და ჯამში დღეში 2-5 ტონამდე მწვანილს აწარმოებს.

კომპანიის თანადამფუძნებელი მამუკა წიქორიძე bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საექსპორტო ქვეყნებს შორის უკრაინა, მოლდოვა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნებია.

“ჩვენი მეურნეობა სოფელ გეგუთში 3 ჰექტარს მოიცავს. 2021 წელს რამდენიმე ქვეყანაში ჯამში 200 ტონა მწვანილი გავყიდეთ, საექსპორტო ხელშეკრულებებს ვინარჩუნებთ, ჯერჯერობით ახალი მოლაპარაკებები არ გვაქვს. პანდემიამ ექსპორტის მხრივ არ შეგვაფერხა, თუმცა პრობლემა იყო მუშახელის მხრივ, რადგან მათი ინფიცირების გამო სამუშაოების შეფერხება გვიწევდა.

რაც შეეხება რეალიზაციის მთავარ პრობლემას, კონკურენციას ირანის ბაზარი გვიწევს. მოგეხსენებათ, ირანში მუშახელიც და ტრანსპორტირებაც შედარებით იაფია და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი პროდუქტი ხარისხით მათ ნაწარმს სჯობს, პარტნიორები ნაკლები ხარჯის გამო არჩევანს ირანის პროდუქტზე აკეთებენ”, - ამბობს მამუკა წიქორიძე.

ინფორმაციისთვის, სასათბურე და სამაცივრე მეურნეობა შპს “გეგუთი 2005”, რომელიც 50 ადამიანს ასაქმებს, ჯამში 3 ჰექტარს მოიცავს. ის სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტი $150 000-ზე მეტია.