21.ივნისი .2022 12:40

„ვფოკუსირდეთ საქმეზე” - ნიკოლოზ გამყრელიძის რჩევა მთავრობას

„ვფოკუსირდეთ საქმეზე” - ნიკოლოზ გამყრელიძის რჩევა მთავრობას
views 933
უკან

GHG-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამ იდეის და მიზნის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს.

„მგონია, რომ ახლა არის ის დრო, როდესაც ყველანაირი პოლიტიკური გაუგებრობა, წინააღმდეგობა, ერთმანეთთან ჭიდილი გვერდზე უნდა გადავდოთ. 30-50 წელიწადში რომ ჩნდება, ისეთი ფანჯარა იხსნება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამას ჩვენი შთამომავლობა არ გვაპატიებს“, - ამბობს ნიკა გამყრელიძე.

ამასთან, მისივე თქმით, დღეს საზოგადოებამ ხელისუფლებისგან უნდა მოითხოვს იმ პირობების შესრულება, რაც ევროკომისიამ წინაპირობის სახით დაგვიყენა.

BMG-ის კითხვაზე - გააკეეთა თუ არა მაქსიმუმი ხელისუფლებამ, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოეცა ევროკომისიას, GHG-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ „ფაქტია, არ გავაკეთეთ“.

„მაქსიმუმი რომ გაგვეკეთებინა, ფაქტია, საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც ეს მიიღეს ჩვენმა მოძმე ქვეყნებმა - უკრაინამ და მოლდოვამ. ფაქტია, რაღაც დავაკელით და ეს რაღაცეები სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი. როგორც ვიცით, წლის ბოლოს კიდევ იქნება ამ საკითხის გადახედვა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოსთვის მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

გასაგებია, რომ ეს სტატუსი არ იძლევა არანაირ გარანტიას, მაგრამ ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და მეორე, არის იმის შესაძლებლობა, რომ მიზანი უკეთესად გავასწოროთ და როგორც ქვეყანა ჩამოვყალიბდეთ, ვინაიდან ეს მიზანი ხანდახან იბინდება ხოლმე, ამიტომ თუ სტატუსი მოგვცეს, ეს ქვეყნის მიზანს უფრო გაასწორებს და მგონია, რომ მოქმედებებიც უფრო ქმედითი იქნება“, - თქვა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე - რას უნდა აკეთებდეს მთავრობა დღეს, რომ ისტორიული შანსი არ დაკარგოს საქართველომ - ნიკოლოზ გამყრელიძემ ასე გვიპასუხა: „ვფოკუსირდეთ საქმეზე. გადავდოთ ყველანაირი ქიშპი ოპოზიციასთან და ვფოკუსირდეთ იმ დავალებაზე, იმ საქმეზე, რაც ძალიან კონკრეტულად გაგვიწერეს - ესაა ჩვენი ამოცანა, რომ ეროვნული იდეა არ დაზიანდეს“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა