მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ"

6001b6e023a00
BM.GE
16.01.21 20:30
1153
"არ გვაქვს ფუფუნება, რომ უარი ვთქვათ ჰესებზე, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ" - გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ქვეყანას საკუთარი ენერგეტიკული ობიექტების განვითარება და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ესაჭიროება.
მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში როდესაც ენერგეტიკული პროექტი გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს, მისი მშენებლობა არ უნდა შეჩერდეს. 

“აუცილებლად ჰესების მშენებლობა უნდა გაგრძელდეს საქართველოში, ოღონდ არა რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში. ეგრეთ წოდებული უწყინარი ჰესები, რომლებიც გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს ან პრაქტიკულად არ ახდენს რაიმე სახის მავნე ზემოქმედებას, ასეთი ჰესების მშენებლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. პლიუს აუცილებლად საერთო ენა უნდა გამოინახოს გარემოს დამცველებსა და ინვესტორებს შორის, ასევე სახელმწიფოს შორის. ჩვენ რამდენადაც მეტი ეკონომიკური ზრდა გვექნება, იმდენად მეტი მოთხოვნა გვექნება ელექტროენერგიაზე. ეს ისევეა, როგორც 2X2=4. ევროპის პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ დაახლოებით რამდენი პროცენტითაც იზრდება ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე, იმდენი პროცენტით მაღალია მოთხოვნა ელექტროენერგიაზე.

მე ვიცნობ რამდენიმე მსხვილი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს. იგივე ვთქვათ, გახსოვთ პანკისის ხეობაშია ძალიან პატარა ჰესის დაწყებას როგორი დაპირისპირება მოყვა. ამ და სხვა ჰესების შემთხვევაშიც ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან ჩადის ხალხი და მართული პროცესებიც არის.

ამიტომაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები მაქსიმალურად ღია და საჯარო განხილვის საგნად უნდა იქცეს. ბუნებრივია, როდესაც ჰესი შენდება და წყლის დატბორვა ხდება, ასეთ შემთხვევაში გარკვეული გავლენა არის გარემოზე. წყალი თუ არ დაგუბდა და ისე არ შეგროვდა, მაშინ ეფექტიანი ვერ იქნება ჰესი.

მაგრამ, როდესაც კაშხალი იქმნება, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ დიდად არ აქცევს გარემოს, ასეთ შემთხვევაში უარი არ უნდა ვთქვათ, არ გვაქვს ჩვენ ამის ფუფუნება,”- აცხადებს დავით ნარმანია.