მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურის მხრიდან მარაგების კონტროლის გამკაცრებაა მოსალოდნელი

63933788a4425
ინგა მურუსიძე
09.12.22 09:49
2068
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების სწორად აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონის შესაბამისად დეკლარირება საქართველოში არსებული კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. არასწორი საბუღალტრო აღრიცხვის გამო მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით ზარალდება. ის სანქციები კი, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს, საქმიანობის შეწყვეტის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

როგორც აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ში განმარტავენ, 2023 წლისთვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან უფრო აქტიური კონტროლია მოსალოდნელი და მნიშვნელოვანია, ბიზნესი ამისთვის მზად იყოს. უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა განახორციელონ კომპანიებმა მარაგების რისკის დაზღვევა და როგორ უნდა შეარჩიონ ამისთვის პროფესიონალთა გუნდი, BMG-ს Loialte-ს პარტნიორი საგადასახადო აუდიტის მიმართულებით - თეონა კუნჭულია და საგადასახადო აუდიტორი - ვატო ბარბაქაძე ესაუბრნენ:

როგორც ჩვენთვის ცნობილია, შემოსავლების სამსახურმა შეცვალა მარაგების ფიქსაციის წესი, რას ფიქრობთ, რამდენად შეიცვლება გადასახადის ადმინისტრირება მეწარმეებისთვის?


შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (დანართი №II-086) III ნაწილის, №2 დანართის გრაფები ,,სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი წლის ბოლოს“ და ,,ძირითადი საშუალებები ნაშთი წლის ბოლოს“ გადასახადის გადამხდელების მიერ შესავსებად გახდა სავალდებულო.

შედეგად, 2023 წლის საანგარიშო პერიოდიდან, გადასახადის გადამხდელებს შეეზღუდებათ მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის წარდგენა, მარაგების ნაშთის გრაფების შევსების გარეშე.

თქვენი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ თვლით, შეიცვლება თუ არა საგადასახადო კონტროლი და მასთან დაკავშირებული პროცედურები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად შემოსავლების სამსახური მარაგების კონტროლისათვის ფლობს და იყენებს ორ ძირითად მექანიზმს, საგადასახადო აუდიტს და მიმდინარე კონტროლის პროცედურებს (მათ შორის ინვენტარიზაციას).

ასევე, არსებობს შედარებით ახალი მარაგების მართვის პროექტი, რომლის ფარგლებშიც შემოსავლების სამსახური საზღვრავს მარაგების ნაშთის შედარებით მაღალი რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებს და ახდენს მათთან კომუნიკაციას თვითდეკლარირების მიზნით. შემოსავლების სამსახურმა თუ არ ჩათვალა კომუნიკაციის შედეგები მისაღებად, გადასახადის გადამხდელის მიმართ ამოქმედდება სხვა კონტროლის მექანიზმები (აუდიტი ან/და ინვენტარიზაცია).

რაც შეეხება პროცედურებში ცვლილებებს, აღნიშნული გრაფების სავალდებულო შევსებით, საგადასახადო ორგანოს გაუჩნდება მტკიცებულებების ახალი წყარო, რომლის ანალიზის და განზოგადების შედეგად უფრო ზუსტად და შედეგიანად მოახერხებს კონტროლის მექანიზმების გამოყენებას.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მარაგების უზუსტობა, კერძოდ ფაქტობრივ მარაგებსა და ბუღალტრულ ნაშთებს შორის სხვაობები ითვლება სამართალდარღვევად და საქართველოს საგადასახადო კოდექსი ამასთან დაკავშირებით ითვალისწინებს ჯარიმებს, რა სახის არის ეს ჯარიმები?

დიახ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსკ) 261-ე მუხლი საზღვრავს ინვენტარიზაციის პროცედურას, რაც გულისხმობს მონაცემების შედარებას ბუღალტრულ ჩანაწერებსა და მარაგების ფაქტობრივ ნაშთს შორის. ინვენტარიზაციის შედეგად, თუ დადგინდა სსკ-ით გათვალისწინებული დანაკლისი, აღნიშნული წარმოადგენს სამართალდარღვევას, რისთვისაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობის ზომა. კერძოდ, სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, რაც იმას ნიშნავს რომ მიწოდება უნდა დაიბეგროს დღგ-ის 18 პროცენტით და მოგების გადასახადის 15 პროცენტით.

ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რა საგადასახადო ტვირთი შესაძლება დაეკისროს გადასხაადის გადამხდელს მარაგების უზუსტობისას?

მაგალითისთვის, თუ პირს უფიქსირდება ფაქტობრივი მარაგებისგან განსხვავებული ბუღალტრული მარაგების ნაშთი და ინვენტარიზაციის შედეგად დავუშვათ გამოვლინდება საბაზრო ფასებით დღგ-ის გარეშე 300 000 ლარის ღირებულების საქონლის დანაკლისი, პირი ვალდებულია ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში მოახდინოს აღნიშნული დანაკლისის მიწოდებად განხილვა და 300 000 ლარზე გადაიხადოს დღგ 54 000 ლარი, ხოლო მოგების გადასახადი 52 941 ლარი.

გასათვალისწინებლია, რომ თუ აღნიშნული დანაკლისი აღმოაჩინა შემოსავლების სამსახურმა ინვენტარიზაციის პროცედურის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელი დამატებით დაჯარიმდება დანაკლისის 10 პროცენტის ოდენობით. ამასთან, თუ გადასახადის გადამხდელმა თავად არ აღიარა დანაკლისი მიწოდებად და არ მოახდინა თვითდეკლარირება, შემოსავლების სამსახურის მხრიდან დამატებით დაერიცხება როგორც ძირი გადასახადი ასევე შესაბამისი ჯარიმები.

რას ფიქრობთ არსებობს თუ არა რაიმე გზა და რა რჩევას მისცემდით გადასახადის გადამხდელებს, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები?

რათქმაუნდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის დასაცავად არსებობს გზები, ბიზნესს შეუძლია გამოიჩინოს წინდახედულობა მიმდინარე საქმიანობის პროცესში ჩართოს ინვენტარიზაციის გუნდი საგადასახადო აუდიტორებთან ერთად, რაც უზრუნველყოფს საბოლოო ნაშთების და ზოგადად მარაგებთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრას. ამასთან, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი ვაჭრობის (საცალო ან საბითუმო) გამოცდილება და ხშირად არ მიმართავენ ინვენტარიზაციის პროცედურებს, შეუძლიათ კვალიფიციური პირების დახმარებით, მოახდინონ ინვენტარიზაციის პროცესის და მარაგების სწორად მოძრაობის უზრუნველყოფა, რითაც შეიმცირებენ საგადასხადო რისკებს და შეიმსუბუქებენ საგადასახადო ტვირთს.



R