მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ბიუჯეტში 400 მლნ ლარის დღგ შევიდა, ზრდა 104%-ია

60cc8d99e7f7b
შოთა ტყეშელაშვილი
18.06.21 18:00
1049
გამოქვეყნდა 2021 წლის მაისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ბიზნესმა დღგ-ის სახით 400 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 104%-ით მეტია.

კომპანიების მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობის ზრდა სავარაუდოდ კერძო სექტორის ბრუნვის მატებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ გაუმჯობესებულ ეკონომიკურ ვითარებაზე მიანიშნებს.

საქსტატმა აპრილში რეკორდულად მაღალი - 44.8%-იანი ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მთავრობამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 6.5%-მდე გაზარდა. საქართვეელოს მთავრობის მსგავსად ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა მსოფლიო ბანკმაც.

საქსტატი ეკონომიკური ზრდის წინასწარ ანგარიშებს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ზრდაზე დაყრდნობით ითვლის. აპრილში წინა წელთან შედარებით დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვა 94%-ით გაიზარდა და 8.44 მილიარდი ლარი გახდა. აპრილშიც ბიზნესის მიერ გადახდილი დღგ-ის მოცულობა 400 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2020 წელთან შედარებით 74%-ით იყო გაზრდილი, ეს კი მიანიშნებს, რომ 2021 წლის მაისშიც სავარაუდოდ, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება. უფრო დეტალურად ამის შესახებ 30 ივნისს გახდება ცნობილი.

მატება შეიმჩნევა სხვა გადასახადებშიც, მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - მაისში გადახდილია 297 მლნ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია;
მოგების გადასახადი - მაისში გადახდილია 71 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია;
აქციზის გადასახადი - მაისში გადახდილია 153 მილიონი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია.