მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჯორჯიან მანგანეზის” სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

626130e581a35
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.22 14:18
4522
საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს მეტალურგიულ ჰოლდინგის - “ჯორჯიან მანგანეზის” სამეთვალყურეო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საჯარო რეესტრში  გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა 2022 წლის 10 თებერვალს გაიმართა და მის თავმჯდომარედ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე აირჩიეს. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის ამონაწერში 18 თებერვალს აისახა.

გიორგი კაპანაძე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2021 წლის ნოემბერში აირჩიეს, მაშინ კომპანიის წინა საბჭო სრული შემადგენლობით შეიცვალა და ის სამი წევრისგან დაკომპლექტდა. ამჟამად საბჭოს წევრები არიან ალექსანდრე მელაძე და მარიამ ლაშხი, ხოლო თავმჯდომარეა გიორგი კაპანაძე.

გიორგი კაპანაძე, “ჯორჯიან მანგანეზის” “არაპირდაპირი აქციონერია” - ამის შესახებ საუბარია 2021 წლის თებერვალში, ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც მილიარდერ იჰორ კოლომოისკის და პრივატბანკის ბიზნესდავას შეეხება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღწერილია "ჯორჯიან მანგანეზთან" დაკავშირებული მოვლენები და იჰორ კოლომოისკის სხვა ბიზნეს აქტივობები. 

“ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს, მათ შორისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც კომპანიის საბოლოო პროდუქტებს, ფერომანგანუმს აწარმოებს. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი და ვარციხეჰესი, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც პროდუქციის მოპოვება და წარმოება ხდება. 2021 წელს ამ საქონლის მთლიანი ექსპორტი $477 მილიონს აღემატებოდა და მისი მთავარი მწარმოებელი სწორედ “ჯორჯიან მანგანეზი” იყო.

საჯარო რეესტრში “ჯორჯიან მანგანეზის” ამონაწერიდან ირკვევა, რომ კომპანიამ 2020 წლის ოქტომბერში საკუთარი ქონების ნაწილი (ფერო სილიკო მანგანუმი) კომპანია "სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანის” სასარგებლოდ დატვირთა გირავნობის უფლებით. აღნიშნული კომპანია მანგანუმის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია და 2019 წელს მისი ჯამური შემოსავალი 164 მილიონი ლარი იყო.

“ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი 2023 წლის ჩათვლით გრძელდება:

2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მართვის რეჟიმი, რაც 2017 წლიდან იყო ძალაში, კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა.

კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა 2017 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. ეს გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, კერძო კომპანიის დირექტორს უფლებამოსილებები შეუჩერა და ის სპეციალურ მმართველს გადასცა. სპეციალური მართვის რეჟიმის ძირითადი ამოცანა სწორედ გარემოსდაცვითი ზომების გატარებაა.

ვინ ფლობს ჯორჯიან მანგანეზს:

“ჯორჯიან მანგანეზის” და “ვარციხეჰესის” უშუალო მფლობელია ლუქსემბურგში რეგისტრირებული “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ”.

„ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ”-ის საბოლოო მფლობელი კომპანიები არიან გ.მ. ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგი და ალვერნა 90%-იანი და 10%-იანი წილებით, შესაბამისად.

2020 და 2019 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს გ.მ. ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგის 100%- იანი მფლობელი იყო შპს ჯოლინ ჰოლდინგი რომლის 50%-ს ფლობდა და აკონტროლებდა შპს სიმ ლიმ თრასთ კომპანი ლიმითედი და რომლის საბოლოო მფლობელები იყვნენ გენადი ბოგოლიუბოვი 50%-იანი წილით და იჰორ კოლომაისკი 50%-იანი წილით.