15.აგვისტო .2019 09:45

გერმანელების ნაწილი მოხუცთა თავშესაფრებში მშობლების მოვლის ფულს აღარ გადაიხდის

views 1636
უკან

გერმანელებს, რომლებიც მშობლების მოვლისთვის თანხებს იხდიდნენ, ეს ვალდებულება მოეხსნებათ. საუბარია, მომვლელისა და დამატებითი მომსახურების ხარჯებზე, რასაც დაზღვევა არ ანაზღაურებდა და შვილებს უწევდათ მშობლებისთვის თანხების გადახდა.


ნათესავების დახმარების შესახებ კანონს მთავრობაში განიხილავენ და გადაწყვეტილება ამ დღეებში გახდება ცნობილი. გერმანული გამოცემების ცნობით, ქვეყნის მთავრობა შვილებს ამ ვალდებულებისგან გაათავისუფლებს.

პასუხისმგებლობიდან კი გათავისუფლდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთა წლიური ხელფასიც 100.000 ევროს არ აღემატება. მედდისა და დამხმარე პერსონალის გამოყოფისთვის, ასევე თავშესაფრებში განთავსებისთვის თანხებს შვილების ნაცვლად უკვე დაზღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს, ხოლო მათ ვისაც, 100.000 ევროზე მეტი შემოსავალი აქვთ, მშობლების მოვლისა და პატრონობის ხარჯების გადახდა კვლავ მოუწევთ.


გერმანიის სოციალური დაზღვევის კავშირი ახალ ინიციატივას მიესალმება. როგორც კავშირის პრეზიდენტი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ საკითხი დამტკიცდება, დადებითი შედეგები ექნება.


"არის შემთხვევები, როდესაც ასაკოვანი მშობლები თავშესაფრებში ვერ მიდიან, რადგან არ უნდათ, რომ შვილებს ფინანსური მდგომარეობა დაუმძიმონ, ახლა კი, ამ კანონით ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მოგვარდება და დარეგულირდება", - განაცხადა გერმანულ მედიასთან საუბრისას კავშირის დირექტორმა ვერენა ბენტელემ.


ცნობისათვის, ხანდაზმულთა ზრუნვისთვის, მოხუცთა თავშესაფრებსა და პირად მედდებად, გერმანიაში 1,6 მილიონი ადამიანი მუშაობს, 40.000 ადგილი კი, ვაკანტურია და  გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ  სიცარიელის ათვისების მიზნით, ორმხრივი შეთანხმება ცოტა ხნის წინ კოსოვოსთან გააფორმა.