მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე - გერმანიის კანცლერის ოფისის განცხადება

648478a93f0bb
ნანუკა ნარიმანიძე
10.06.23 17:20
635
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გერმანიის კანცლერის პრესსამსახურმაც.

ოლაფ შოლცსა და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან არ უსაუბრიათ. გავრცელებულ განცხადებაში, წერია, რომ საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას, ამჟამინდელ უსაფრთხოების საკითხებსა და რუსეთის სამხედრო აგრესიის გავლენას.

ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოუწოდა მთავრობას გადადგას საჭირო ნაბიჯები რეფორმების კუთხით. ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე მიუთითებს. 

“ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ ღია და შედეგზე ორიენტირებული დისკუსია”,-წერია განცხადებაში.

ღარიბაშვილი შოლცს ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გუშინ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა გერმანიის კანცლერს „საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო“.