მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიამ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად დამცავი აღჭურვილობა გადასცა

5e99806669f73
ინგა მურუსიძე
17.04.20 14:35
1475
გერმანიის მთავრობის ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 100.000 ერთეული პირბადე და 2000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადასცა.

„იმედი გვაქვს, რომ ეს მცირედი, მაგრამ საჭირო დროს გაწეული დახმარება, საშუალებას მისცემს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს, უსაფრთხოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პარტნიორებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან ეფექტურად გამკლავებაში. ჩვენ ასევე ერთობლივად განვიხილავთ მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის დახმარების აღმოჩენის სხვადასხვა გზებს, როგორც მოცემულ ვითარებაში, ასევე, კრიზისული ფაზის გადავლის შემდეგ“, - განაცხადა GIZ-ის პროგრამის მრჩეველმა არჩილ ჟორჟოლიანმა.

„დღეს, როდესაც საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად რთული გამოწვევის წინაშეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების დახმარება. ასეთი თანადგომა გვეხმარება, როგორც უშუალოდ ვირუსთან ბრძოლაში, ასევე, უქმნის ჩვენ თანამოქალაქეებს იმის განცდას, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს გვაქვს ჩვენი პარტნიორების დახმარების მყარი გარანტიები. მოწოდებული ინვენტარი გადანაწილდება საქართველოს რეგიონებში და დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მადლობას ვუხდით გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს ამ რთულ ვითარებაში დროულად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის”, - აღნიშნა თავის მხრივ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.