მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველი ოცი მოქალაქე საქართველოდან დღეს გაემგზავრა

6076f157793ce
BM.GE
14.04.21 17:39
1027
გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, 20-კაციანი ჯგუფის წევრები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე, სამი თვით დასაქმდებიან.

საქართველოს ოცი მოქალაქე, რომლებიც საქართველოდან გაგზავნილი აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ გერმანელმა დამსაქმებელმა შეარჩია, ბრანდენბურგის რეგიონში სამი თვით მიემგზავრება და ბოსტნეულის აღებით, დახარისხებით, დაბინავება/დასაწყობებით დაკავდება.

„პროცესის სამართლებრივ მხარეზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ იზრუნა – გაფორმებულია კონტრაქტები, გერმანიიდან გამოგზავნილია შრომითი ნებართვები, რომლებიც შერჩეულ პირებს გამგზავრების წინ ოფიციალურად გადაეცათ.
ჯგუფის წევრებმა გამგზავრებამდე პისიარტესტირებაც გაიარეს, მათ ასევე საორიენტაციო ტრენინგიც ჩაუტარდათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით. მოქალაქეები სრულყოფილად არიან ინფორმირებული შრომის, საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ, რომლებიც გერმანული კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტური განმარტავს, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაცია საერთაშორისო დონეზეა აღიარებული არალეგალური მიგრაციის ოდენობის შემცირებისა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის ერთ-ერთ საუკეთესო მექანიზმად.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური კი აღნიშნავს, რომ უწყება ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას განაგრძობს.

„ვიმედოვნებთ, მათი გამოცდილება, რასაც ისინი მიიღებენ მუშაობის პერიოდში გერმანიაში, გამოადგებათ სამომავლოდ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან იქ ჩასულ შრომით მიგრანტებთან, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთან კომუნიკაციაში და მივეხმარებით ყველა ასეთი დეტალის მოგვარებაში“, - აცხადებს ნინო ველთაური.