მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გერმანიაში ნაშოვნი თანხებით შესაძლოა ადამიანებმა საკუთარი ბიზნესიც შექმნან“ - ვიცე-პრემიერი

602d1df600eb9
ინგა მურუსიძე
17.02.21 18:29
3001
გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო. საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ დღენახევარში, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა - „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გერმანიაში დასაქმება ძალიან კარგი შანსია.

„ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ია, ეს ნიშნავს, რომ 300 ათასამდე ადამიანი ირიცხება უმუშევრად. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, ვინც ითვლება თვითდასაქმებულად. ყველასთვის მნიშვნელოვანია დასაქმების ისეთი შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მათ შემოსავლებს.

გარდა იმისა, რომ ვმუშაობთ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც აქტიურად მიმდინარეობდა პანდემიამდე, დაახლოებით 50 ათასი სამუშაო ადგილი იქმნებოდა ქვეყანაში წელიწადში, მაგრამ ჩვენ ვეძებთ საშუალებას, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შევუქმნათ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების საშუალებები. ეს არის დამატებითი საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მათ აძლევს საშუალებას, მიიღონ ის აუცილებელი ანაზღაურება, სრულიად ლეგალურად“, - განაცახდა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერს არგუმენტად მოჰყავს არალეგალი ქართველების საკითხიც. მისი თქმით, მილიონზე მეტი მოქალაქე იმყოფება საზღვარგარეთ არალეგალურად და მათაც ექნებათ საშუალება ლეგალურად დასაქმდნენ ამ ქვეყანაში.

„ასევე გვახსოვდეს, რომ ის თანხა, რასაც ისინი გერმანიაში, ან ისრაელში იშოვიან, მერე ჩამოვა საქართველოში, მოხმარდება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და შესაძლოა, ამ ადამიანების ნაწილმა ამავე თანხებით შეძლოს საკუთარი ბიზნესიც შექმნან და დაასაქმონ სხვები. მხოლოდ მივესალმებით ლეგალურ დასაქმებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.