მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელი სტუდენტებისთვის, შესაძლოა, სპეციალური რეისი დაინიშნოს

5f0d8c599efff
ინგა მურუსიძე
14.07.20 14:53
3926
"არ გამოვრიცხავთ, რომ გერმანიაში წასვლის მსურველი სტუდენტებისთვის სპეციალური ჩარტერული რეისი დაინიშნოს",  - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ BMG-ს კითხვას იმის შესახებ, რომელიც ქართველი სტუდენტების გარკვეული ჯგუფის პრობლემას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ უკვე წლებია, საქართველოდან სტუდენტები საზაფხულო არდადეგების პერიოდში გერმანიაში 3 თვე სამუშაოდ მიდიან, წელს პანედმიის გამო კი, გამგზავრებას ვერ ახერხებენ, რადგან მიუხედავად უპირობოდ გახსნილი საზღვრებისა, გერმანიაში რეგულარული რეისები აგვისტომდე არაა დაგეგმილი.  

„გერმანიის მიმართულება არის ყველაზე პირველი, სადაც აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. თქვენ იცით, რომ „ლუფთანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან, 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს, თუმცა წინა კვირას მივიღეთ გადაწყვეტილება და მიუნჰენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა ანუ შეუძლია ნებისმიერ დროს აღადგინოს და ჩვენ შევეხმიანებით, რომ ივლისში დაიწყოს ფრენები, თუკი შეუძლია.

ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დამატებითი ჩარტერის დანიშვნაც განვიხილოთ, რათა ჩვენმა სტუდენტებმა დროულად შეძლონ ჩასვლა, თუმცა სწავლისთვის ჩასვლა მათ არ უგვიანდებათ და მოვუწოდებთ, რომ გამოიყენონ დრო და იმოგზაურონ საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: ივლისში სპეციალური რეისის დანიშვნის მოთხოვნით, დღეს სტუდენტების ჯგუფმა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართეს. მათ დახმარება პრემიერისგანც ითხოვეს.