მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში სამუშაოდ წამსვლელი სტუდენტებისთვის სპეციალური ავიარეისი დაინიშნა

5f100fde2180a
ინგა მურუსიძე
16.07.20 12:27
2255

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისი - ბერლინი-თბილისის მიმართულებით დაინიშნოს ავიარეისი, რომლითაც სტუდენტები შეძლებენ გადაადგილებას.

საქმე იმაშია, რომ უკვე წლებია, საქართველოდან სტუდენტები საზაფხულო არდადეგების პერიოდში გერმანიაში 3 თვე სამუშაოდ მიდიან, წელს პანდემიის გამო კი, გამგზავრებას ვერ ახერხებენ, რადგან მიუხედავად უპირობოდ გახსნილი საზღვრებისა, გერმანიაში რეგულარული რეისები აგვისტომდე არაა დაგეგმილი. ივლისში სპეციალური რეისის დანიშვნის მოთხოვნით,სტუდენტების ჯგუფმა აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართეს. მათ დახმარება პრემიერისგანც ითხოვეს. ბოლო დღეების განმავლობაში სტუდენტების მოთხოვნას პარლამენტის ტრიბუნიდან აქტიურად აჟღერებდა დეპუტატი ლევან კობერიძე. 

„არიან გარკვეული რაოდენობა სტუდენტებისა, ვისაც სამუშაოდ სურთ ჩასვლა გერმანიაში. ვიმსჯელეთ და დამტკიცდა სოციალური ჩარტერი - თბილისი - ბერლინი - თბილისი. მოვუწოდებ სტუდენტებს, მიმართონ სსიპ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და წარადგინონ დასაქმების ხელშეკრულება, რომ მათ აუცილებლად შეხვდეთ ბილეთი ბორტზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას და ხელს შევუწყობთ სტუდენტებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როდის შესრულდება სპეციალური ავიარეისი და რომელი ავიაკომპანია შეასრულებს მას, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ავიარეისის შესრულების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

განახლება: სპეციალურ რეისს ავიაკომპანია "მაი ვეი" 25 ივლისს შეასრულებს.