მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ელჩი სეზონურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების პირობების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

60a5452878680
თამთა ჯიჯავაძე
19.05.21 21:10
3628
გერმანიაში სეზონურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში ეხმაურება. მისი თქმით, მას უკვე ჰქონდა საუბარი გერმანულ უწყებებთან და მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დამსაქმებელმა შეასრულოს.

"ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს.

კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება", - ასეთია საქართველოში გერმანიის ელჩის კომენტარი, რომელიც საელჩომ bm.ge-ს მიაწოდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ელჩს მიმართა გერმანიაში დასაქმებულთა საკითხი შეესწავლა. როგორც მათ განაცხადეს, მათი ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. "ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან", - ნათქვამი იყო პროფკავშირების განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დროებით დასაქმება გერმანიაში ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებით წელს გახდა შესაძლებელი. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეუძლიათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყო, რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იყო შესაძლებელი. დროებით დასაქმებულები საათში 9.5 ევროს (დარიცხული) მიიღებდნენ ანაზღაურების სახით. პროგრამამ საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია, და 1 თვეში შესაბამის პლატფორმაზე დაახლოებით 95 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.