მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მოქალაქეთა თანხის დაუფლებისთვის პროკურატურამ "ქოლ-ცენტრის" თანამშრომლები დააკავა

626fc21982100
BM.GE
02.05.22 15:35
3650
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. “ქოლ-ცენტრების” მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა. ამის შესახებ განცხადება თავად პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

უწყების ინფორმაციით, სამართლებრივი დევნა დაწყებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.

"ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. “ქოლ-ცენტრი”. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.

ე.წ. “ქოლ-ცენტრის” თანამშრომლები, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი, ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.