08.ნოემბერი .2019 15:05

გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტულ სფეროებზე 161,7 მლნ ევროს დახარჯავს

views 314
უკან

გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების განვითარებისთვის 161,7 მლნ ევროს დახარჯავს. 

შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. კერძოდ, 6-7 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სამთავრობო კონსულტაციები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა ქარინ იარ დე გერერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის მიმართულებით. ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და სხვა.

აღნიშნული პროექტებისა და პროგრამების გახორციელებისათვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილია 161,7 მილიონი ევრო, მათ შორის, 21,7 მილიონი ევრო გრანტის სახით", – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართულმა უწყებებმა და ორგანიზაციებმა, ხოლო გერმანიის მხრიდან – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა