მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად შემცირდება საქართველოს ეკონომიკური ზრდა? - მსოფლიო ბანკის პასუხი

623dd97dce0cd
გიორგი თოლორდავა
25.03.22 19:20
3288
კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და ინფლაციის დონეზე.

„ჩვენი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომს და დაწესებულ სანქციებს საქართველოზე გავლენა ექნებათ. [ომის დაწყებამდე] ჩვენ ვვარაუდობდით, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 5.5%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ახლა ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირდება,"- უთხრა მოლინეუსმა "საქმის კურსს".

სებასტიან მოლინეუსმა მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის კონკრეტული მაჩვენებლის დასახელებისგან თავი შეიკავა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, რაც ვითარების არასტაბილურობითაა გამოწვეული.

გარდა ეკონომიკური ზრდისა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ინფლაციური მოლოდინების შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ისევ საკმაოდ მაღალ, ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება.

„[ომამდე] ვვარაუდობდით, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალ ერთნიშნა დონემდე შემცირდებოდა, თუმცა მიმდინარე ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ინფლაცია დაბალ ორნიშნა დონეზე შენარჩუნდება“, - განაცხადა მოლინეუსმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში ინფლაციის დონე 13.7%-იან ნიშნულზეა.