16.ივნისი .2020 11:39

GFN: თამბაქოს მოხმარების აკრძალვა მოწევასთან ბრძოლის არაეფექტურ საშუალებას წარმოადგენს

views 286
უკან

ნიკოტინის გლობალური ფორუმი (GFN) ყოველწლიური კონფერენციაა, რომლის მიზანს მსოფლიოში თამბაქოს ზიანის შემცირების ხელშეწყობა წარმოადგენს. კონფერენციის წარმომადგენლები მოწევისგან გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ნაკლები საფრთხის შემცველ ნიკოტინის პროდუქტებს მიიჩნევენ.

GFN-ის 2020 წლის კონფერენცია 11 და 12 ივნისს ონლაინ რეჟიმში გაიმართა და მის მთავარ განსახილველ თემას
ტრადიციული სიგარეტის ახალი ალტერნატივების შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა. მოწვეულ ექსპერტთა მოსაზრებათა თანახმად, მწეველი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტები, როგორიცაა ელ. სიგარეტები, სნუსი და გასახურებელი თამბაქო.

მართალია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგად, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა მიღწეული შედეგი საკმარისი არაა, რადგან გლობალურად სიგარეტის მწეველთა რაოდენობა 1.1 მილიარდს უტოლდება. ექსპერტთა ვარაუდით 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩება. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის მინიმიზირებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების დიდი ნაწილი მთავარ გამოსავალს მოწევაზე უარის სრულად თქმას განიხილავს, ხოლო ზიანის შემცირებისთვის ნაკლები საფრთხის შემცველ ალტერნატივებს შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია უწევს რეკომენდაციას, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც დიდი ბრიტანეთია. 

GFN-ის კონფერენციის დამფუძნებლის, ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორის გერი სტიმსონის განცხადებით:

„თამბაქოს ზიანის შემცირება საუკეთესო ჯანდაცვის პოლიტიკაა. თუმცა, მას არაერთი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება. ისინი ახლომხედველური მიდგომებით გამოირჩევიან და WHO-სთან ერთად ავიწროებენ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატების განმარტებას. სწორედ ამიტომ, ჯანმომ მეტი ვარიანტი უნდა განიხილოს იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანის შესამცირებლად“.

ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ სვეანორი კი მიიჩნევს, რომ მწეველები მზად არიან, გადავიდნენ ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტების მოხმარებაზე.

„შვედეთის, ნორვეგიის, ისლანდიისა და იაპონიის მაგალითები აჩვენებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში მწეველი ადამიანები სიგარეტის ალტერნატივას მოიხმარენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება მაშინ, თუ მათ ამ ნაკლები რისკის შემცველ პროდუქტებზე წვდომას გავუმარტივებთ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ფუნდამენტურად შევცვალოთ ჯანდაცვის ისტორიის კურსი“, - განაცხადა დევიდ სვეანორმა.

GFN-ის ფორუმზე მიწვეული ექსპერტები და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის აუცილებელია მხარეების ჩართულობა. დიალოგის შედეგად, შესაძლებელი გახდება ხანგრძლივი და ეფექტური შედეგის მიღწევა როგორც ინდუსტრიულ, ასევე ჯანდაცვის სისტემების დონეზე.

„ჯანმო თამბაქოს ინდუსტრიით არის შეპყრობილი. ორგანიზაცია არ აღიარებს ალტერნატიული საშუალებების ეფექტურობას და მათ წინააღმდეგ რადიკალურ ბრძოლას აწარმოებს.

ჯანმო არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბაზარზე ახალი ალტერნატივების გამოჩენა ხელს უწყობს სიგარეტზე მოთხოვნისა და გაყიდვების კლებას. სწორედ მოწევის ალტერნატიული მოწყობილობები არის ის, რაც ჯანმრთელი მომავლის შესაქმნელად გვჭირდება. თუმცა, ამ შეხედულებას ჯანმო და მისი კერძო ინვესტორები არ იზიარებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მოწყობილობებზე დაწესებული აკრძალვის შედეგად, მხარს უჭერენ ბაზარზე სიგარეტის მწარმოებელი გიგანტების ოლიგოპოლიას,"- აცხადებს ოტავას უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ სვეანორი.