მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია ბანკინგით თქვენი მობაილბანკიდან სხვა ბანკებში არსებული ანგარიშების მართვაც შეგეძლებათ

61f108a7eb3ef
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.22 13:10
1673
ღია ბანკინგი ბანკებს და საფინანსო ორგანიზაციებს შორის მომხმარებელთა შესახებ მონაცემების გაცვლას გულისხმობს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განმარტებით, საქართველოში ღია ბანკინგის იმპლემენტაცია რამდენიმე საფეხურად არის დაყოფილი და მისი პირველი ეტაპი უკვე 2021 წელს გაეშვა.

მისივე განცხადებით, შედეგად უკვე შესაძლებელია მომხმარებელმა ერთი ბანკის მობაილბანკიდან მისი სხვა ბანკის ანგარიშები მართოს. მომავალში კი ღია ბანკინგის კიდევ უფრო გაფართოება არის დაგეგმილი, რაც ბანკებსა და არასაბანკო ორგანიზაციებს და ფინტეკებს შორის მონაცემთა გაცვლას გულისხმობს.

“ღია ბანკინგი იმპლემენტაციის პროცესშია. ჩვენ ეს საკითხი რამდენიმე ნაწილად გავყავით, საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით პირველი ეტაპი უკვე შარშან გაეშვა და ბანკები უკვე დღეს ცვლიან ინფორმაციას მომხმარებლების ანგარიშების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია ერთი ბანკის მობაილბანკში შევიდეთ და იქ ვნახოთ ჩვენი ანგარიშები სხვა ბანკში. შემდეგი ეტაპი არის რომ დაიწყოს ანგარიშების მართვა, ანუ გადარიცხვების შესაძლებლობა გვქონდეს ჩვენ მომხმარებლებს და ერთი ბანკის აპლიკაციიდან ვმართოთ ყველა ბანკში ჩვენი ანგარიშები. მესამე ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ დაემატონ არასაბანკო ინსტიტუტები, თუმცა ამას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება რომლის პაკეტიც უკვე მომზადებულია და არაფორმალურად განხილულია ყველა მხარესთან და პარლამენტში ფორმალური პროცედურების და განხილვების დაწყებას ველოდებით,” - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

ღია ბანკინგის სერვისებით სარგებლობის დაწყებას თავად მომხმარებლის თანხმობა ესაჭიროება.