მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნამახვანჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია - ნათია თურნავა

60409bb61a483
ელენე გოგბერაშვილი
04.03.21 12:33
799

დღეს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, რიონი სხეობაში ჩასვლა და მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა.

სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა პროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, რა იქნება მისი ადგილობრივ მოსახლოებასთან საუბრის მთავარი თემა.

„ნამახვანჰესის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, თუმც ჯერ კიდევ არის კითხვები მოსახლეობაში ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით. მზად ვართ კვირაში რამდენჯერმე გავმართოთ შეხვედრა და მეტი ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია მსხვილი ჰესების როლი ამაში და რა სარგებლობა მოაქვს ნამახვანს, რომელიც ჩვენი იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

მოსახლეობასთან მთავარი საუბრის საგანი იქნება ორი რამ: პირველი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა. აქ მხოლოდ ერთ ციფრს დავასახელებ- საქართველოში ყველა ელექტროსადგური რომ შევკრიბოთ, რაც 4500 მეგავატი სიმძლავრეა, მისი 70% ანუ 3100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში. ეს არის მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები.

ჩვენი ამოცანაა განვაახლოთ ეს სიმძლავრეები და არ ვიყოთ დამოკიდებული მომავალში მზარდი მოთხოვნის პირობებში სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე. ჩვენი ამოცანაა ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი რჩებოდეს ქვეყანაში და ხმარდებოდეს ჩვენს ჰიდროსადგურებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს და არ გადიოდეს გარეთ და არ ხმარდებოდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ესაა ჩვენი მთავარი ნარატივი“-განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

პროექტს, სტამბოლის ბირჟაზე კვოტირებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ENKA ახორციელებს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2019 წელს კი ბრუნვა $1.9 მილიარდი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს ქუთაისში, ნამახვანჰესისის პროექტის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე 4 თვეზე მეტია, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს მართავს და ღამეებს კარვებში ათევს.