მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია სივრცეში პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმება კანონის მოთხოვნებს ვერ პასუხობს - IDFI

5fa29a4eec059
ინგა მურუსიძე
04.11.20 16:25
1539

Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოყენებული ჯარიმების კონსტიტუციურობაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა პირბადის ტარების წესში შეტანილმა ბოლო ცვლილებამ პირის დაჯარიმების კონსტიტუციურობის და კანონიერების სრულად განსხვავებული პრობლემა წარმოშვა, - ამის შესახებ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"(IDFI) განცხადებაშია ნათქვამი.

საქმე იმაშია, რომ 3 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავალდებულო ხდება პირბადის ღია სივრცეში გამოყენება. ამავე დღეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას და გადაადგილებისას. დადგენილების თანახმად, ამ წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

"საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ცალკე სამართალდარღვევა გაითვალისწინა, საიდანაც ცხადად იკითხება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42,11 მუხლი არ ითხოვს პირბადის ტარებას ღია სივრცეში და არც აკრძალული ქმედების შინაარსის გაფართოების უფლებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტმა სამართალდარღვევად მიიჩნია პირბადის ტარების წესის დარღვევა „დახურულ საჯარო სივრცეში“, „საზოგადოებრივ ტრანსპორტში“ და „ტაქსით“ გადაადგილებისას. ამ მუხლის საფუძველზე, მთავრობამ შესაძლოა დააზუსტოს მხოლოდ ტექნიკური დეტალები, მაგალითად, რა არის პირბადე, როგორ უნდა ეკეთოს იგი ადამიანს, რა შემთხვევაში უნდა ეკეთოს დახურულ საჯარო სივრცეში და ა.შ.

საქართველოს მთავრობა გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას. კერძოდ, მან ექსკლუზიურად ამ ცვლილების მიღებისათვის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა ნორმა, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს დროებით მოაწესრიგოს საკითხი, თუ იგი არ არის მოწესრიგებული საკანონმდებლო აქტით (კანონით).

როგორც ზემოთ აღინიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უკვე აწესრიგებს პირბადის ტარების წესს და ადგენს კიდევაც მისი გამოყენების ვალდებულებას. რეალურად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტულად ჩამოყალიბებულ შემადგენლობაში, რაც არ უნდა ჩაითვალოს მოუწესრიგებელი საკითხის დროებით რეგულირებად. კანონმდებლობის ამგვარი განმარტება, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სამართლებრივ უსაფრთხოებას და არაერთ ძირითად უფლებას.

საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გაზარდა საკუთარი უფლებამოსილება და უხეშად შეიჭრა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ექსკლუზიურ კომპეტენციაში. ამგვარი ქმედება ამკვიდრებს დემოკრატიული მმართველობისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს და არღვევს, როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს", - ნათქვამია IDFI-ს ინფორმაციაში.