მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება? - გამყრელიძის პასუხი

60f6a3f85d114
ვიქტორია მღებრიშვილი
20.07.21 14:50
4572
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოზე NCDC-მ ღია სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დაბრუნების შესახებ რეკომენდაცია წარადგინა, რომელიც საბჭომ დაადასტურა და უახლოეს მომავალში ცვლილება მთავრობის განკარგულებაში აისახება.

„საბჭოზე იყო მსჯელობა და რეგულაციების აღსრულების კუთხით რიგი გამკაცრებები იქნება. მოშვებულია მოსახლეობა... პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ მიმდინარეობს და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირბადის ტარებასთან მიმართებით ღია სივრცეშიც დაწესდეს რეკომენდაცია... ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები იკრიბებიან, პირბადის ტარება აუცილებელი ყოფილიყო. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, შტაბი დაამუშავებს ამ გადაწყვეტილებას და განკარგულებაში შესაბამისი ცვლილებები შევა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე NCDC-მ ვაქცინაციის ინტენსიფიცირების რეკომენდაცია წარადგინა. „თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უფრო მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებს“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: ამჟამად, პირბადის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ავტობუსების გაჩერებებზე.