მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგა ბედინეიშვილი: BB რეიტინგს „ნაგვის რეიტინგს“ უწოდებენ, რატომ უნდა ვიყოთ კმაყოფილი?

6027ac37766b5
ინგა მურუსიძე
13.02.21 15:42
1672
ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის და რეიტინგის პერსპექტივის უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვებას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რა შეიძლება იყოს კმაყოფილების მიზეზი, რომელიც მთავრობის წევრების მხრიდან ესმის.

„ნაგვის ურნა რეიტინგი გვაქვს“ - აცხადებს bm.ge-ისთან ეკონომისტი. მისივე შეფასებით, საშინელებაა, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყნის სუვერენულ რეიტინგში არსებითად არაფერი გაუმჯობესებულა და ამის არც მოლოდინი არსებობს, რადგან საქართველოს დისფუნქციური მთავრობა ჰყავს.

„ეს შეფასება კარგი არ არის, რაც ახლა შეგვინარჩუნეს და გვაქვს ანუ BB რეიტინგს „ნაგვის რეიტინგს“ უწოდებენ - რატომ უნდა ვიყოთ კმაყოფილი ამით, არ მესმის. გასაგებია, რომ სადღაც დავიწყეთ, ნელ-ნელა უმჯობესდებოდა, თუმცა ბოლო 8-10 წელია არ გაუმჯობესებულა. ძალიან სუნიანი ნაგვის ურნიდან ნაკლებად სუნიანზე ავედით და ამით კმაყოფილი რატომ უნდა ვიყოთ - არ მესმის“, - ამბობს ბედინეიშვილი.

რაც შეეხება ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვებასა და ეკონომიკური პოლიტიკის სტაბილურობაზეა საუბარი, ეკონომისტი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ძალიან ცუდია, რადგან „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში მოსაწონი არაფერია და ამას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპიც ადსტურებს.

„ის, რომ რეიტინგებით რეგიონში ვიღაცეებს ვჯობივართ, მისაღები არგუმენტი არ არის სიხარულისთვის, რადგან გააჩნია ვის ვჯობივართ. მმართველობის თვალსაზისით თურქმენეთს კი ვჯობივართ, მაგრამ ამისთვის მადლობა უნდა ვთქვათ?! ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ წინ წავიდეთ, გარღვევა შევძლოთ... 8 წელი რომ ერთ ადგილს ვტკეპნით, ეს ჩემთვის მოსაწონი არ არის“ - დასძინა ეკონომისტმა.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მთლიან ვალს, რომელიც 2020 წელს მშპ-თან შეფარდებით 60.4%-მდე გაიზარდა და Fitch-ის პროგნოზით, 2021 წლის განმავლობაშიც აღნიშნულ დიაპაზონში შენარჩუნდება, გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, ვალის ეს დონე დიდ რისკს წარმოადგენს და ძალიან ცუდია, რომ “ჩვენმა შვილებმა უნდა იხადონ ვალი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და თავის მომხრეებს დაურიგა“.

ეკონომისტი სარეიტინგო კომპანიის მშპ-ის ზრდის იმ პროგნოზსაც აფასებს, რომელიც საქართველოს მთავრობის პროგნოზს ემთხვევა და რომლის თანახმად, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება.

„ასეც რომ იყოს, შედეგად ვიქნებით 2019 წელში რომ ვიყავით იქ; როგორ შეიძლება ეს მოგვწონდეს?! ნაგვის რეიტინგში დავრჩით - ეს არის სულ. ამ ხელისუფლების პირობებში რეიტინგის გაუმჯობესების საფუძველს ვერ ვხედავ; მეცხრე წელია ხელისუფლებაში არიან და არაფერი გაუკეთებიათ, ახლა რატომ გააკეთებენ რამეს?! „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილით და მის გარეშე დისფუნქციური გუნდია“, - განაცხადა ეკონომისტმა.