მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგლა მიქაუტაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება

5f22dafac0cf4
BM.GE
30.07.20 18:43
957
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას ეხმაურება.

მიქაუტაძის თქმით, პროექტის დანაკარგი პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიისა, რომ ძირი გამოეთხარა ანაკლიის პროექტისთვის.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ასრულებს.

„ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” პრინციპულად არ სურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება. ეს არის გარე ძალებისგან მიღებული დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ასრულებს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი თავის მომავალზე უარს არ იტყვის. მთავრობამ და მისმა სტრუქტურებმა, რომელიც წესით პოლიტიზებული არ უნდა იყოს, საუბარია პროკურატურასა და სხვა ძალოვან უწყებებზე, ხელი შეუშალეს იმას, რომ კონსორციუმს მოეზიდა ფული. ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირით ადრე აბსურდული ბრალდებით, ფულის გათეთრებაზე ინვესტორების წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება. ამ პირობებში ვადის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია და ვიმედოვნებ, ამ საკითხს არბიტრაჟი გაითვალისწინებს,“ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.