მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგლა მიქაუტაძე: ბიზნესმენებმა მთავრობის წევრებთან შეხვედრებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ

5dd40de647290
BM.GE
19.11.19 19:00
1269
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ერთ-ერთი ლიდერის გიგლა მიქაუტაძის აზრით, ბიზნესმენებმა მთავრობის წევრებთან შეხვედრებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.

"ერთადერთი ძალა, ვინც პასუხს აგებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, არის „ქართული ოცნება“. ხელისუფლება ატყუებს საკუთარ ხალხს და ხელოვნურად ქმნის პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის წინაპირობებს. ამით ზიანს აყენებს თითოეულ მეწარმეს, რომელსაც მშვიდი გარემო სჭირდება ბიზნესის კეთებისთვის.

შეურაცხყოფილი ხალხი თავისუფალ საზოგადოებაში, ბუნებრივია, მწვავედ რეაგირებს ტყუილსა და პირობის დარღვევაზე. მაშინ, როცა დაკარგულია ნდობა ხელისუფლების მიმართ, შეუძლებელია განსხვავებული განწყობა სუფევდეს ბიზნეს-წრეებში. შეუძლებელია, ბიზნესი ენდოს მთავრობას, რომელიც ანგარიშს არ უწევს საკუთარ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას. შეუძლებელია, იფიქრო ბიზნესის გაფართოებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, თუ არ გაქვს ელემენტარული გარანტია, რომ გექნება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო.

ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრისა თუ შსს-დან გადმობარგებული ბიზნესომბუდსმენის შეხვედრები ცალკეულ ბიზნესმენებთან არის სრული ფიქცია და ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამიჯნოს ბიზნესი სამოქალაქო საზოგადოებისგან. სანამ არ აღდგება სტატუს-კვო და მმართველი პარტია არ შეასრულებს მიცემულ პირობას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ბიზნესმენებს ვურჩევ, ნუ მოიტყუებენ თავს და ნუ შეხვდებიან მთავრობის წევრებს. ნუ გახდებიან, ნებსით თუ უნებლიედ, იმ დიდი სპექტაკლის მონაწილეები, რომელსაც ბიზნესისა და მთავრობის დიალოგი ჰქვია’’ - განაცხადა ,,ლელოს’’ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ.